სტრიმინგ პლატფორმა Neflix-მა აშშ-ში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში თავისი სერვისების ყოველთვიური გადასახადი გაზარდა. პარალელურად, კომპანიის აქციების ღირებულება ბირჟაზე 13%-ით გაიზარდა. LSEG-ის თანახმად, წლის III კვარტალში Netflix-ის ახალი გამომწერების რაოდენობა Wall Street-ის ნავარაუდებ 6 მილიონს გაცილებით აღემატება და 9 მილიონს შეადგენს. თავად კომპანია აცხადებს, რომ მიმდინარე კვარტალის დასრულებასაც ანალოგიური შედეგებით აპირებს.
მოსალოდნელზე უკეთესმა შედეგებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ჰოლივუდში მიმდინარე გაფიცვებისა და დაპირისპირებისა, რის გამოც არაერთი ფილმისა თუ სერიალის გადაღება შეფერხდა, Netflix-ი კვლავ წარმატებით ოპერირებს. აღსანიშნავია, რომ სტუდია თავისი პროდუქტის ნაწილს აშშ-ის საზღვრებს გარეთ იღებს.
ჰოლივუდის სცენარისტებმა ახალ კონტრაქტებს ხელი უკვე მოაწერეს, მსახიობები კი კვლავ გაფიცულები რჩებიან. Netflix-ის აღამსრულებელი დირექტორის, ტედ სარანდოსის თქმით, კომპანია მზად იყო, საპროტესტო აქციების დასრულებისთვის ხელი მაქსიმალურად შეეწყო.
აღსანიშნავია, რომ III კვარტალში დაფიქსირებული ახალი მომხმარებლების რაოდენობა კომპანიისთვის 2020 წლის II კვარტალის შემდეგ რეკორდულია. 2020 წელს კოვიდპანდემიამ სტრიმინგ პლატფორმებით სარგებლობა უპრეცედენტოდ გაზარდა.
Netflix-მა აშშ-ში პრემიუმ პაკეტის ყოველთვიური ღირებულება $3-ით, $22.99-მდე, ბრიტანეთში - £2-ით £17.99-მდე, საფრანგეთში კი - €2-თი, €19.99-მდე, გაზარდა.