მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოლივუდის სცენარისტები გაფიცვისთვის ემზადებიან

644f889c299af
გიორგი არონია
01.05.23 13:46
977

ჰოლივუდის სცენარისტების ორი ძირითადი ჯგუფი - ამერიკის მწერალთა გილდია და სატელევიზიო და კინემატოგრაფიული პროდიუსერების ალიანსი, რომლებიც ათიათასობით სცენარისტის უფლებებს იცავენ, იმ შემთხვევაში გაიფიცებიან, თუ 1-ელი მაისის დღის ბოლომდე, დამსაქმებლებთან უკეთეს ხელშეკრულებებს არ გააფორმებენ. ამერიკის მწერალთა გილდიის განცხადებით, სცენარისტებს მიაჩნიათ, რომ ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და სტრიმინგ-პლატფორმებზე განთავსებული კონტენტისთვის მათ შეუსაბამოდ ცოტას უხდიან, რადგან ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, კონტენტის გავრცელების არეალი საგრძნობლად გაიზარდა.

სცენარისტები, ბოლოს 2007 წელს გაიფიცნენ, მაშინ ისინი DVD-ფორმატში და ინტერნეტში გაყიდული კონტენტისთვის ანაზღაურების მომატებას ითხოვდნენ, რაც, შინაარსობრივად, დღევანდელ შემთხვევას ძალიან ჰგავს.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სცენარისტების გრძელვადიანი გაფიცვა ჰოლივუდს დიდ დარტყმას მიაყენებს, რადგან ფილმებისა და სერიალების, ისევე, როგორც წინასწარ ჩაწერილი და ლაივ-რეჟიმში გასული სატელევიზიო გადაცემების ტექსტი, უმეტესწილად, სწორედ სცენარისტების დაწერილია - ასეა გვიანი ღამის თოქ-შოუების შემთხვევაში. ამგვარად, თუ გაფიცვა შედგა და დიდხანს გაგრძელდა, მოსალოდნელია, რომ საშემოდგომო სატელევიზიო სეზონის დაწყება გადაიწევს. გაფიცვას ნაკლები გავლენა ექნება სტრიმინგ-პლატფორმებისთვის მომზადებული კონტენტის შემთხვევაში, რადგან სტუდიები, როგორც წესი, ფილმებსა და სერიალებს დიდი ხნით ადრე იღებენ და მომავლისთვის იმარაგებენ. ამასთან, საეთერო ბადის შევსება სტრიმინგ-კომპანიებს ყოველთვის შეუძლიათ საზღვარგარეთ შექმნილი კონტენტითაც.

სცენარისტებთან ერთად, გაფიცვის რისკის წინაშე რეჟისორები და მსახიობებიც დგანან, რომელთა კონტრაქტები შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში იწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები