მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოლივუდის წამყვანმა რეჟისორებმა ხელოვნურ ინტელექტზე უარი თქვეს

რეჟისორები

ჰოლივუდის წამყვანი კინორეჟისორები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ღიად დაუპირისპირდნენ. მათი შეფასებით, ის ადამიანურ გამოცდილებას, შემოქმედებით ხედვასა და მრავალწლიან ოსტატობას ვერ ჩაანაცვლებს. კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი გავრცელება ტრადიციულ ხელოვნებას საფრთხეს უქმნის.

გილერმო დელ ტორომ, მექსიკელმა რეჟისორმა San Diego Comic Con-ზე განაცხადა, რომ ფილმ "ფავნის ლაბირინთის" სამგანზომილებიანი ვერსიის შექმნისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მკაცრი უარი თქვა. მისი თქმით, პროცესში ათასამდე მხატვარი მონაწილეობდა და თითოეული კადრი ხელით დამუშავდა. დელ ტორო მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება ახალ თაობას ოსტატობის დაუფლების შესაძლებლობას ართმევს. რეჟისორის განმარტებით, ხელოვნების ტრადიციის დაცვა სწრაფ შედეგზე მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთმან ცნობილმა კინოშემოქმედმა და ცოტა ხნის წინ გამოსული ფილმის “ოდისეას” ავტორმა, კრისტოფერ ნოლანმა ახალ ტექნოლოგიას "ტროას ცხენი" უწოდა. ბრიტანელი რეჟისორი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ხელოვნურ ინტელექტსა და მის შექმნელებს ეჭვის თვალით უნდა უყურებდეს. ნოლანის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა თაობის სკეპტიციზმმა, რომლებიც ციფრულ ფილმებს არ იწონებენ. რეჟისორი, რომელიც გადასაღებ მოედანზე რეალური ეფექტების შექმნით არის ცნობილი, აცხადებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აუცილებელია. ცნობისთვის, მისმა ბოლო ფილმმა "ოდისეამ" მსოფლიო გაქირავებიდან უკვე $639 მილიონზე მეტის შემოსავალი მოიტანა.

“შინდლერის სიის” შემქმნელმა, სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ საკუთარ პროექტებში ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური შემოქმედებითობის ჩასანაცვლებლად არასდროს გამოიყენებს. ამერიკელი რეჟისორის თქმით, მის გადაღებებისა და სცენარისტების ჯგუფში ყველა ადგილს რეალური ადამიანები იკავებენ. სპილბერგი განმარტავს, რომ სხვა სფეროებში ტექნოლოგიების განვითარებას მხარს უჭერს, თუმცა შემოქმედებით პროცესში ავტორების ჩანაცვლებას ეწინააღმდეგება.

რეჟისორმა ტიმ ბარტონმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელოვნური ინტელექტის ადამიანური ხედვისა და სულისკვეთების გაქრობას იწვევს. ბარტონის შეფასებით, ალგორითმების მიერ შექმნილი ნამუშევრები ადამიანურ სულსა და ინდივიდუალობას აქრობს.

თავისი დამოკიდებულება გამოხატა სამხრეთკორეელმა რეჟისორმა ბონგ ჯუნ ჰომაც, რომელმაც კოლეგებს ტექნოლოგიების განსხვავებული თვალით შეხედვისკენ მოუწოდა. "პარაზიტის" ოსკაროსანი ავტორის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება დადებითია იმ თვალსაზრისით, რომ ის კაცობრიობას ადამიანური შემოქმედების უნიკალურობაზე დაფიქრებას აიძულებს.

ცნობისთვის, ჰოლივუდში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი მხოლოდ რეჟისორებით არ შემოიფარგლება. საკუთარი გამოსახულებისა და ხმის უნებართვო გამოყენებისგან დასაცავად სამართლებრივ ზომებს ტეილორ სვიფტი, მეთიუ მაკკონაჰი და სხვა ვარსკვლავებიც მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები