ჩინეთის საფონდო ბაზარზე ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების წამყვანი კომპანიების STAR50-ის ინდექსი ივლისის მაქსიმუმიდან 40%-ით შემცირდა.
როგორც ირკვევა, ოთხ თვეზე ნაკლებ დროში დაფიქსირებულმა მკვეთრმა ვარდნამ სექტორის საბაზრო ღირებულებიდან $480 მილიარდი გააქრო. ამავე პერიოდში ჩინეთის მსხვილი კომპანიების CSI300-ის ინდექსი 20%-ით დაეცა, მაშინ როცა აშშ-ის Nasdaq-მა რეკორდული ნიშნულიდან მხოლოდ 6%-იანი კორექცია განიცადა.
საცალო ინვესტორებით დომინირებულ ბაზარზე ფასების კოლაფსმა განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიური კომპანიები დააზარალა. მაგალითად, რობოტების მწარმოებელი Unitree-ის აქციების ფასი აგვისტოს დებიუტის შემდეგ განახევრდა. ჩიპების მწარმოებელმა CXMT-მა ბოლო ერთ თვეში საბაზრო ღირებულების მეოთხედზე მეტი დაკარგა.
ამასთან, თუ გასულ წელს ბირჟაზე გამოსვლისას MetaX Integrated Circuits-ის აქციები 700%-ით გაიზარდა, Moore Threads Technology-ის კი - 400%-ით. ივლისის შემდეგ ორივე მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაცია განახევრდა. ოპტიკური კომპონენტების მწარმოებლების, Zhongji Innolight-ისა და Eoptolink Technology-ის აქციები ზაფხულის მაქსიმუმიდან თითქმის 60%-ით გაუფასურდა.
საყურადღებო ფაქტია, რომ ამ ვარდნაზე ამერიკულ მონაცემთა ცენტრებში ჩინური აღჭურვილობის შესაძლო აკრძალვის საფრთხემაც იმოქმედა.
Qianchuang Capital-ის ანალიტიკოსის, ლეო ვანგის შეფასებით, ძირითად ინდექსებში ტექნოლოგიური კომპანიების წილის გადაჭარბებულმა ზრდამ კაპიტალის ქცევა დაამახინჯა და გარკვეულ სექტორებში მძიმე ბუშტი გააჩინა, სხვა სფეროები კი რესურსების გარეშე დატოვა. Shanghai Zhuozhu Investment Management-ის ექსპერტი, ვანგ ჟუო ხაზს უსვამს, რომ ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის მწარმოებლებს ჯერ კიდევ წინ ელით საბოლოოდ ფასების ომი, რადგან ყველა ბუშტი ჯერ გამსკდარი არ არის.
























