მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა Nvidia-ში მასშტაბური ცვლილებები და გარე კანდიდატი მოითხოვა

სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა კომპანია Nvidia-ში რადიკალური ცვლილებების გატარება მოითხოვა და დირექტორთა საბჭოს მოუწოდა, ჯენსენ ჰუანგის გადადგომის შემდეგ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე კანდიდატი კომპანიის გარედან შეარჩიოს.

ინფორმაციისთვის, ამჟამად აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას ფინანსური დირექტორი კოლეტ კრესი ასრულებს.

Fox News-ის ეთერში ბესენტმა გამოთქვა ეჭვი, რომ შემოსავლებისა და მოგების გასაზრდელად ჩიპების მწარმოებელმა ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპები უკანონოდ მიჰყიდა ჩინეთს. მინისტრის თქმით, საექსპორტო კონტროლის წესების დაცვასთან დაკავშირებით შემოწმება Nvidia-ს სხვა აღმასრულებელ პირებსაც უნდა შეეხოს.

ბესენტმა მიუთითა, რომ Nvidia-ს პრობლემები მხოლოდ ჰუანგს არ უკავშირდება და მსგავსი რაც საბანკო სექტორში რომ მომხდარიყო, სავალუტო კონტროლის სამსახური მენეჯმენტის დიდ ნაწილს თანამდებობიდან უკვე გადააყენებდა.

ფინანსთა მინისტრმა კომპანიის ფინანსური ანგარიშგებაც გააკრიტიკა. მან ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ჩინეთში გაყიდვების კლების პარალელურად სინგაპურში შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა.

როგორც ცნობილია, 2025 წლის ნოემბერში Nvidia-მ სინგაპურის შემოსავლების ცალკე გამოქვეყნება შეწყვიტა და განმარტა, რომ ახალი მეთოდოლოგია გადახდის მისამართების ნაცვლად მომხმარებელთა სათავო ოფისების მდებარეობას დაეყრდნობა.

ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა თანამდებობა ხუთშაბათს მას შემდეგ დატოვა, რაც სინგაპურში დაფუძნებული Megaspeed-ის ყოფილ ხელმძღვანელთან, ელის ჰუანგთან მისი სასიყვარულო კავშირის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ამერიკული დაზვერვა ელის ჰუანგს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, თავად Megaspeed-ს კი საექსპორტო შეზღუდვების დარღვევით ჩინეთისთვის Nvidia-ს ჩიპების მიწოდებაში ადანაშაულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები