Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა განაცხადა, რომ კომპანია მომავალ წელს ჩიპების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. როგორც ირკვევა, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ხელმძღვანელმა ეს პროგნოზი შოტლანდიაში, მეფე ჩარლზ III-თან გამართულ სამიტზე გააჟღერა.
ჰუანგის განმარტებით, აღნიშნული ზრდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის უპრეცედენტო მოთხოვნითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების აქტიური დანერგვით არის განპირობებული. კომპანიის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება გლობალური ეკონომიკის არაერთ სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ ჰუანგის ეს განცხადება სრულად ემთხვევა Nvidia-ს იმ ფინანსურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის ფისკალური წლის მიწურულს კომპანიის შემოსავლების 70%-იანი მატება იგეგმება. არსებული მონაცემებით, საუბარია დაახლოებით $673 მილიარდის შემოსავალზე. მომავალი ექვსი კვარტალის განმავლობაში კომპანია მასშტაბური ზრდის შენარჩუნებას პროგნოზირებს.
























