იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა, Honda-მ და Nissan-მა ელექტრომობილების ბაზარზე თავის დამკვიდრების მიზნით, ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კონკურენტი კომპანიები ერთმანეთს ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაუზიარებენ, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის ავტოპილოტის განვითარებას და თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას.
უნდა აღინიშნოს, რომ Honda-ს და Nissan-ის პარტნიორობა არ მოიცავს საწარმოო პროცესის გაერთიანებას ან კომპანიების შერწყმას. გაფორმებული დოკუმენტი წარმოადგენს არასავალდებულო შეთანხმებას, რომელიც ტექნოლოგიების გაზიარებას და ერთმანეთის მხარდაჭერას გულისხმობს.
Nissan-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩინური კონკურენტები განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვითარდებიან, ამიტომ იაპონურმა კომპანიებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ისეთი ხარისხიანი პროდუქტი შექმნან, როგორიც მათ შეეფერებათ.