იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი Honda არასახარბიელო ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს - როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, წინა კვარტალში კომპანიის საოპერაციო მოგება 76%-ით შემცირდა და მან $473 მილიონი შეადგინა, რაც მკვეთრად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.
საერთო ჯამში, გასული წელი Honda-მ $5.7 მილიარდის წმინდა მოგებით დახურა, რაც 24.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, მოგების მარჟის მკვეთრი კლება ბაზარზე გაზრდილმა კონკურენციამ განაპირობა, რის გამოც Honda-ს გასაყიდ ავტომობილებზე ფასების შემცირება უწევს.
ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მთავრობამ ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი სატარიფო რეჟიმი აამოქმედა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს Honda-ს მოგება იმაზე გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე წინა წლებში. ამ მოცემულობის ფონზე, იაპონური კომპანია შემოსავლების პროგნოზს აუქმებს და აცხადებს, რომ 2025 წლის ფინანსური შედეგები არა უშუალოდ კომპანიის საქმიანობაზე არამედ გეოპოლიტიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.




























