კომპანია Horeca Industrial-ი 300-წლიან ისტორიას შემორჩენილი გერმანული დისტილერიის, Hardenberg Spirits-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.
კომპანიის თანადამფუძნებელი, მიხეილ გაფრინდაშვილი, BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ალკოჰოლური სასმელების ბრენდი საქართველოში, წელს ზაფხულიდან შემოვიდა და Hardenberg Spirits Georgia-ს სახელით ოპერირებს. ის დასძენს, რომ Horeca Industrial-ი პროდუქციის დისტრიბუციასა და პოპულარიზაციას უზრუნველყოფს.
„მე და ჩემი პარტნიორი გერმანიაში ერთ-ერთ გამოფენაზე წავაწყდით ამ უნიკალურ ბრენდს. მოგვხიბლა არა მხოლოდ გემოთი, არამედ ისტორიით. Hardenberg Spirits-ის ისტორია 1700 წლიდან იწყება, ხოლო ჰარდენბერგების გვარი გერმანიაში მე-11 საუკუნიდან არის ცნობილი. ფაქტობრივად, ჩვენ შევიძინეთ ისტორია და გემო ერთად“, - აღნიშნავს გაფრინდაშვილი.
მისი განმარტებით, დისტილერიის ფილოსოფია გამოიხატება პრინციპში - „მარცვლიდან ყლუპამდე“. სასმელების წარმოებისთვის საჭირო ყველა ნედლეულს ჰარდენბერგები საკუთარ მიწაზე უვლიან და ამუშავებენ, რაც უზრუნველყოფს უნიკალურ ხარისხსა და გემოს.

მიხეილ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, Hardenberg Spirits-ის პროდუქცია მოიცავს ბალახეულ ლიქიორებს, მათ შორის შვარცოგს, რომელიც იაგერმაისტერის კონკურენტად ითვლება. კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პროდუქცია მთელ მსოფლიოში მხოლოდ დაგემოვნებისთვის გამოიყენება.
„პროდუქციის უდიდესი ნაწილი ლიქიორებს წარმოადგენს, რომლებიც იდეალურია კოქტეილებისთვის. დისტილერია აწარმოებს მცენარეულ ლიქიორს, სხვადასხვა სახეობის ჯინს, რომს და სხვა სახეობებს. ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტის ჩამოტანის მიზნით, მივიღეთ ექსკლუზიური უფლება იმპორტსა და დისტრიბუციაზე საქართველოში“, - განმარტავს გაფრინდაშვილი.
ბრენდი უკვე ხელმისაწვდომია "სმაგლერსისა" და "ტუტო კაფსულეს" ქსელებში, ასევე კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, რაც მომხმარებლისთვის სწრაფ და მარტივ შეძენას უზრუნველყოფს.
როგორც Horeca Industrial-ში ამბობენ, პირველ ეტაპზე, პროდუქცია მცირე რაოდენობითაა შემოტანილი, სატესტო რეჟიმში, თუმცა მომავალში დისტრიბუცია გაიზრდება და ბრენდის პოპულარიზაცია საქართველოში გაფართოვდება.




























