ბიზნესის მრჩეველი და პროგრამა Growth and Strategic Adviser-ის დამფუძნებელი მიხეილ გაფრინდაშვილი საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების წესის შეცვლას „პოპულისტურ ნაბიჯად“ აფასებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული მწვავე სამუშაო ძალის დეფიციტის ფონზე, მსგავსი ბარიერების დაწესება ეკონომიკისთვის კონტრპროდუქტიულია.
„ჩვენ გვაქვს სამუშაო ძალის სერიოზული პრობლემა - გვაკლია როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური კადრები... ამდენად, კანონის გაცნობის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო პოპულისტური ნაბიჯია, ვიდრე რეალური გამოსავალი ეკონომიკისთვის“, - აღნიშნა მან.
მიხეილ გაფრინდაშვილი ხაზს უსვამს, რომ უცხოელი სპეციალისტების დასაქმება ქვეყნისთვის არა - საფრთხე, არამედ განვითარების შანსია. მაგალითად მან ჩინეთის გამოცდილება მოიყვანა, სადაც დასავლური კადრების შესვლამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია განაპირობა.
„ავიღოთ ჩინეთის მაგალითი: მაღალკვალიფიციური კადრების იმპორტმა ქვეყანას ინდუსტრიალიზაცია და მსოფლიოს მეორე ეკონომიკის სტატუსი მოუტანა. როდესაც დასავლეთმა ქარხნები ჩინეთში გადაიტანა, მათ ინჟინერ-ტექნიკური პერსონალიც გააყოლეს. ჩინელი სპეციალისტები ათწლეულების განმავლობაში დასავლური ზედამხედველობის ქვეშ ითვისებდნენ შრომის კულტურას. დღეს კი ჩინეთი უმსხვილესი კონკურენტია ყველგან - ელექტროტექნიკაში, ავტომრეწველობასა თუ საწარმოო დანადგარების წარმოებაში“, - თქვა ბიზნესის მრჩეველმა და იქვე დასძინა, რომ უცხოურ სამუშაო ძალას ქვეყანაში შემოაქვს ცოდნა, ტექნოლოგიები და გამოცდილება, რაც მისასალმებელია და არა - პირიქით.
სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბრისას, მიხეილ გაფრინდაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2025 წლის მეოთხე კვარტალის BAG-ის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც, კომპანიების უმრავლესობა კადრების მოძიების პრობლემაზე საუბრობს.
„მიუხედავად იმისა, რომ [BAG-ში გაწევრიანებული] ბიზნესების უდიდესი ნაწილი მთავრობისადმი ლოიალურია, ისინიც კი აცხადებენ, რომ 60%-ს ბიზნესსაქმიანობაში ხელი ეშლება. კერძოდ, 65% ყველაზე დიდ გამოწვევად სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს, ხოლო ზოგადად სამუშაო ძალის დეფიციტს - 58%. ამასთან, როდესაც რესპონდენტების პასუხების სიღრმისეული ანალიზი ხდება, იკვეთება, რომ კადრების დეფიციტის მთავარ მიზეზად კომპანიების 74% საზღვარგარეთ წასვლას ასახელებს. მიმაჩნია, რომ ეს კატასტროფული მონაცემია როგორც საცალო სექტორისთვის, ისე ზოგადად ბიზნესისთვის....
ერთსაც დავამატებ: 90-იან წლებში, როცა ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია - იქნებოდა ეს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID) თუ სხვა - საქართველოს ეკონომიკის საფუძვლად ერთ ძირითად უპირატესობას ასახელებდა: ეს იყო მაღალკვალიფიციური და იაფი მუშახელი. სამწუხაროდ, ჩვენ ეს დიდი უპირატესობა გავანიავეთ. მოხდა ისე, რომ კვალიფიციური მუშახელი, ოჯახის სარჩენად - ბაზრობებზე წავიდა, ხოლო კიდევ უფრო მაღალკვალიფიციური პერსონალი ემიგრაციაში გაემგზავრა. დღეს კი მივედით იქამდე, რომ მსხვილი ბიზნესების 60%-ისთვის კადრები ძირითადი პრობლემაა. კითხვაზე - „გიჭირთ თუ არა კადრების მოძიება“ - პასუხების „დიახ“ და „ნაწილობრივ მიჭირს“ ჯამური მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს. ეს, ალბათ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს“, - განაცხადა მიხეილ გაფრინდაშვილმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზინესის მრჩეველმა საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციის [BAG] ინდექსის ის ნაწილიც გააანალიზა, რომელიც ბიზნესში არსებულ განწყობას და მოლოდინებს ზომავს.
„ამავე კვლევაში გამოჩნდა, რომ მშენებლობის სექტორში მოლოდინები და რეალიზაციის მაჩვენებლები შემცირებულია... ზოგადად, კრიზისი არ იწყება რეცესიით ანუ ნულოვანი და მინუსოვანი მაჩვენებლებით; კრიზისი იწყება ზრდის ტემპის შენელებით, რაც, ჩემი აზრით, რამდენიმე სექტორში უკვე სახეზეა“, - აღნიშნა მიხეილ გაფრინდაშვილმა.




























