მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?

მიხეილ ჭელიძე

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის შეფასებით, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან, ქვეყანაში უცხოელების დასაქმების გამკაცრების რეგულაციის შემოღება უფრო პოპულისტური ხასიათისაა და საზოგადოებრივი განწყობების დაკმაყოფილებას ემსახურება, ვიდრე ბიზნესის საჭიროებების მოგვარებას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა საქართველოში კერძო სექტორის გამოწვევები იყო.

როგორც ცნობილია, სამუშაო ძალისა და კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა დღეს ყველა ზომის ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, თუმცა ამ ფონზე, მთავრობამ ქვეყანაში უცხოელების დასაქმება შეზღუდა. ზოგიერთ სფეროში კი, მაგალითად მგზავრობის და მიტანის სერვისში, ასევე გიდებად უცხოელებს მუშაობა საერთოდ აეკრძალათ.

მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ცვლილებამ პრაქტიკაში უფრო ბიუროკრატია გაზარდა და შრომის ბაზარზე არსებითი დადებითი ეფექტი არ მოუტანია, თუმცა ბიზნესიც და უცხოელი მუშახელიც ახალ რეალობასთან ადაპტირებას მაინც ახერხებენ.

- თქვენი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ყველა ზომის კომპანიისთვის ბიზნესის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორი სპეციალისტების და ზოგადად, სამუშაო ძალის ნაკლებობაა, რამდენად ლოგიკური იყო ქვეყანაში უცხოელების დასაქმების წესის გამკაცრება? ხედავთ ლოგიკას?

- ზოგადად, ეს უფრო ცივილურობის, ევროკავშირთან ასოცირების ნაწილია - ბევრი ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ მიგრაცია და დასაქმება დარეგულირებული იყოს. რა თქმა უნდა, შეიზღუდა ისეთ ბიზნესებში, სადაც ენობრივი ბარიერი არსებობს, მაგალითად, კურიერების შემთხვევაში... თავად ბიზნესმაც დაუჭირა მხარი, რადგან მოსახლეობას არ უნდა, მომსახურებისას ენობრივი ბარიერი იყოს.

- ეს იყო მიზეზი თუ ის, რომ „უცხოელები ქართველებს ართმევენ სამუშაო ადგილებსო“? ბიზნესი ამბობს, კადრებს ვერ ვპოულობთო - ცოტა შორს ხომ არ არიან ბიზნესი და მთავრობა ერთმანეთის საჭიროებებისგან?

- ჩვენ გარკვეულწილად დავაკვირდით და ჩვეულებრივად მიდის პროცესი… ქართველი ვინც საქმდებოდა, ისევ იგივე ტემპით საქმდება ანუ ის, რომ შეიზღუდა [უცხოელების დასაქმება], არც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივების დასაქმება გაიზარდა.

- თქვენი დაკვირვებით, უცხოელების დასაქმების შეზღუდვის რეგულაციამ პრაქტიკაში რა სარგებელი მოიტანა ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვის კუთხით?

- მცირე ეფექტი, დიდად არაფერი… უბრალოდ ის, რომ ეს სფერო უფრო დარეგულირებული გვაქვს - უცებ ჩამოხვიდე და იმუშაო, ასე აღარ არის - გარკვეული პროცესები უნდა გაიარო, რომ ქვეყანაში ოფიციალურად დასაქმდე.

- ბიუროკრატია გაიზარდა?

- დიახ.

- მოგწონთ?

- ეს თანამდევი პროცესია. აქ მეორე მომენტიცაა - „ქართველები არ დაგვეჩაგროს“ - აი, ასეთი თემები უფრო „გულს ფხანს“ საზოგადოებას და ეს ფარავს ხოლმე რეალურ სურათს.

- საზოგადოების „გულის ფხანაზე“ უნდა იყოს მთავრობა ორიენტირებული თუ იმაზე, რომ ბიზნესგარემო იყოს გამართული და რეგულაციები - ეფექტიანი?

- დასაქმებაში ამ სეგმენტს დიდი წილი არ ჰქონდა და შესაბამისად, დიდი ეფექტიც არ აქვს.

- ანუ ეს იყო უფრო პოპულისტური გადაწყვეტილება?

- დიახ, ნამდვილად არის ჩვენება იმისა, რომ ეს სფერო დარეგულირებულია, ასე მარტივად არ ხდება ყველაფერი და უცხოელების მიერ ადგილობრივი შრომის ბაზრის დაჩაგვრა არ ხდება…

- ისე იჩაგრებოდა ადგილობრივი სამუშაო ძალა?

- გარკვეულწილად. აი, მაგალითად, ტენდერში თუ უცხოური კომპანია იმარჯვებდა, შეიძლება ჩამოეყვანა თავისი შრომის ძალა - ამ შემთხვევაში ჩინელებს ვგულისხმობ.

- როდესაც ნომერ პირველ პრობლემად ყველა ზომის ბიზნესი კადრების დეფიციტსა და სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებთ, ამ დროს მთავრობა გირთულებთ უცხოელების დასაქმებას, მაგრამ გაგებით ეკიდებით?

- დიახ… მაგალითად, ის კურიერები, ვინც ენა არ იცოდა და მაინც მუშაობდა საკურიერო კომპანიებში, ახლა რაღაც მოახერხეს - ცოტა ისწავლეს, ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენეს… ბინადრობის მოწმობაზე ძალიან გაიზარდა მოთხოვნა - ბევრი ბიზნესი ითხოვს, დასაქმებულს მიეცეს შესაბამისი საბუთი, რათა ბინადრობის მოწმობა აიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები