მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო კურსთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს... ევროპული კურსი უალტერნატივოა|მიხეილ ჭელიძე

მიხეილ ჭელიძე

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძის აზრით, „ბიზნესს არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გარემო ანგრევს“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უალტერნატივოა, ხოლო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა თუ უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაკარგვა ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, თუმცა თან მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

- ორი წლის წინ, BMG-სთან ინტერვიუში ამბობდით, რომ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საკითხი კრიტიკულად არ დგას. დღეს, როდესაც ევროკავშირიდან გვიმეორებენ, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, დღესაც ასე ფიქრობთ თუ შეცვალეთ აზრი?

- პრინციპში, იმავენაირად ვფიქრობ. მე რომ ვთვლიდე, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით რამე პრობლემა გვაქვს, ნამდვილად - არა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ევროპული კურსი უალტერნატივოა...

- თუ პრობლემები არ აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ქაღალდზე რატომ დარჩა კანდიდატის სტატუსი?

- მთავარია, რომ არის… (იღიმის) ცოტა პოლიტიკური თემაა და ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარია, რომ ქაღალდზე, ჯერჯერობით, მაინც არის; თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგები, სტატისტიკას თუ ამოვიღებთ, ნორმალურია - წინა წლებთან შედარებით მზარდია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ერთდროულად შეუძლია თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთანაც და, დავუშვათ, ჩინეთთანაც.

- საქართველოს შესახებ ევროკავშირის ბოლო ანგარიშებში ისიც ჩაიწერა, რომ შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს DCFTA-ც… რამდენად დიდი დარტყმა იქნება ეს ბიზნესისთვის?

- ევროკავშირი თავიდანვე როგორც ეკონომიკური კავშირი, ისე შეიქმნა; მერე გაერთიანდა, გაძლიერდა პოლიტიკურად და ძალიან სერიოზული გაერთიანებაა. ამ კავშირში ბიზნესის წილი დიდია, როგორც განმსაზღვრელის და შემფასებლის. ის, რომ მათთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგებს ვიმკით, ექსპორტს ვზრდით, მეტი ინტერნაციონალიზაცია ხდება, მეტი ინვესტიცია შემოდის, აღრიცხვა დავარეგულირეთ და კანონმდებლობა მათ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული გვაქვს - ეს უფრო მაიმედებელია და გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.

- ბიზნესი თუ სახელმწიფო?

- ქვეყანა მიდის სწორი კურსით, თორემ ბიზნესის მთავარი ამოცანა ისედაც არის, რომ ადამიანი დაასაქმოს და გადასახადები გადაიხადოს.

- თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიც და უვიზო მიმოსვლაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს, რომელიც მიისწრაფოდა ევროპული ოჯახში გაწევრიანებისკენ…

- მოდით, ასე ვთქვათ - ძალიან მაგარი რამ მოგვცეს და ძალიან დიდი დარტყმა იქნება, თუ დავკარგავთ.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- არაპროგნოზირებადობას - მოულოდნელობები რთულია ბიზნესისთვის. ბიზნესს უყვარს, როცა რაღაცების დაგეგმვა შეუძლია. არასტაბილური გარემოს არსებობა ანგრევს ბიზნესს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები