მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ზღვრის 100 000-იდან 300 000 ლარამდე გაზრდა „ცხელი თემა“ და პრიორიტეტული საკითხი არ არის. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც, როგორც წესი, გადაიხდება საქონლის/მომსახურების წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე. საქართველოში დღგ-ის განაკვეთი 18%-ია. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
პირი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს აღემატება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. სწორედ ამ ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით მიმართა "თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაციამ" ფინანსთა სამინისტროს, თუმცა ლაშა ხუციშვილის უწყებას პოზიცია, ჯერჯერობით, არ დაუფიქსირებია. ამ თემაზე ფინანსთა სამინისტროში კითხვები BMG-მაც გაგზავნა.
მიხეილ ჭელიძის აზრით, დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის აწევა არსებით ეფექტს ვერ მოიტანს, ვინაიდან ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესი, ინვესტიციებისა და ჩათვლების მიღების ინტერესიდან გამომდინარე, დღგ-ის გადამხდელად თავისთავად, ნებაყოფლობით რეგისტრირდება.
ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული და მიზანშეწონილი, თუ ის კონკრეტულად მიზნობრივ სეგმენტზე - "მცირე ბიზნესის" სტატუსის მქონე მეწარმეებზე გავრცელდება, სადაც ადმინისტრირებაც ბევრად მარტივია.
რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკას, ასოციაციის ხელმძღვანელი მიესალმება დღგ-ის განაკვეთის შემცირებას, უფრო კონკრეტულად კი, დიფერენცირებული დღგ-ის განაკვეთის შემოღებას (მაგალითად, სერვისის სექტორისთვის შეღავათიანი ტარიფის დაწესებას), რაც ცალკეული დარგების წახალისების ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება.
ინტერვიუ მიხეილ ჭელიძესთან
- უჭერთ თუ არა მხარს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ზღვრის 100 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდას?
- სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ მოგვისინჯავს [ეს საკითხი]... მოგეხსენებათ, თავიდან ზღვარი 3 000 ლარი იყო, შემდეგ გახდა ₾24 000, მერე - 100 000 ლარი... იმ მარტივი ლოგიკით, რომ წლების წინ მიღებული 100 000-ლარიანი ზღვარი, დღეს, ინფლაციის გათვალისწინებით, უკვე აღარ არის შესადარისი, თუმცა ყოველთვის უარი იყო [ფინანსთა სამინისტროდან] და ზოგადად, მაგ კუთხით საკითხი არ გადაიხედება; შეიძლება პირიქით, შემცირების კუთხითაც გადაიხედოს. მოკლედ, ეს საკითხი ასე არ დგას. დღეს ძალიან ბევრი ნებაყოფლობითი რეგისტრაციაა - იმპორტი თუ გაქვს ან რაღაც კაპიტალიზაციას ახდენ, გირჩევნია, რომ ჩათვლები მიიღო, ხომ?! აქ ძირითადად საუბარია მცირე მეწარმეებზე, მათ შორის ფიზიკურ პირებზე, სადაც ადმინისტრირება მარტივია. აი ამ ნაწილში, გარკვეულ ზღვარზე, ვინც მიზნობრივი სეგმენტია, სწორედ იმან რომ მიიღოს სარგებელი, შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში, რომ დავუშვათ და ყველა საწარმოსთვიის გავზარდოთ 100 000-ლარიანი ზღვარი, ეფექტი არ ექნება; ისედაც რეგისტრირდება ყველა დიდი ბიზნესი და ყველა ის სუბიექტი, ვისაც მომავალზე გარკვეული გეგმები აქვს…
- თქვენ რა მოდელს დაუჭერდით მხარს - როგორია მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრების პოზიცია, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ?
- თუ ჩვენ გვინდა, რომ კონკრეტულად მიზნობრივმა სეგმენტმა, დავუშვათ მცირე მეწარმეებმა მიიღონ ეს სარგებელი, მაშინ კონკრეტულად მათთვის შეიძლება დავაწესოთ გარკვეული ზღვარი. თორემ ისე, რომ ვთვლიდე, თითქოს გლობალურად ამ ზღვარმა უნდა აიწიოს - არ ვთვლი. ბევრჯერ მოგვისინჯავს და არსებითი შეიძლება არც იყოს, ამასთან, არც არანაირი მზაობა არსებობს და არცერთ დონეზე ეს არ განიხილება.
- თუმცა თუ დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვარი დღეს ბიზნესისთვის არის გამოწვევა და მისი გაზრდა მცირე და საშუალო ბიზნესს გააძლიერებდა, ალბათ თქვენ უნდა მოითხოვოთ კიდეც, არა?!
- ეს ნამდვილად არ არის „ცხელი თემა“, ხომ გესმით...
- "ცხელ თემას" ვინ ქმნის?
- ცხელ თემას ქმნის, რა თქმა უნდა, აქტუალობა... და ნამდვილად არ არის დღეს აქტუალური ის, რომ ვილაპარაკოთ, თითქოს 100 000-ლარიანი ზღვრის აწევით 1 პროცენტით გავზრდით ეკონომიკას. ეგეთი არც კალკულაციები არსებობს და არც ამის არსებითობაა.
- თუმცა ფინანსთა სამინისტრომ რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, რომ მას სურს მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყანაში და 300 000 ლარამდე გაზარდოს ეს ზღვარი...
- დიახ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, ვისაც მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს, აი, ამ ნაწილში შეიძლება გადაიხედოს, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ აქ ადმინისტრირების მექანიზმებიც არსებობს; როდესაც სამართლებრივი მხარე სხვაა და სუბიექტს მცირე ბიზნესის სტატუსი აქვს, ე.ი. ეს სეგმენტი იშიფრება და იცხრილება, შესაბამისად, აქ ადმინისტრირებაც მარტივია, რომ დავუშვათ, მათთვის იყოს 300 000-ლარიანი ზღვარი.
- ისე, ხომ არ ფლობთ ინფორმაციას - ჩვენ შემოსავლების სამსახურისგანაც გამოვითხოვეთ, მაგრამ ჯერ არ მიგვიღია - დღგ-ის გადამხდელი საწარმოების დაახლოებით რა წილია ისეთი, რომელთა ბრუნვა 300 000 ლარს ქვევითაა? საინტერესო იქნებოდა...
- ამას რომ დიდი ეფექტი ჰქონდეს, ნამდვილად არ არის ასე, შესწავლილი გვაქვს ეს საკითხი. ისეთი კომპანიები, რომლებიც გრძელვადიან ზრდაზე, კაპიტალიზაციასა და ინვესტიციების განხორციელებაზე არიან ორიენტირებულნი, ყოველთვის თავიდანვე დგებიან დღგ-ის გადამხდელად, რომ ჩათვლები დააგროვონ. ეს ძალიან ლოგიკური და ფინანსურად გამართლებული მეთოდია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ექნება ეფექტი იმას, რომ გავზარდოთ ზღვარი 300 000 ლარამდე და ამით რეგისტრირებულების რაოდენობა შემცირდება. ასეთი კალკულაცია, რომ ვთქვათ, აი, ესა და ეს შემცირდება - არ არსებობს. გამოვითხოვეთ დღგ-ის მონაცემებიც და პირიქით, მოტივაცია არის იმისკენ, რომ უფრო მეტი დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად.
- მოდით, ასე დავსვამ კითხვას: რამდენად კარგი იქნებოდა - პასუხი დაახლოებით გასაგებია, მაგრამ მაინც - დღგ-ის 18%-იანი განაკვეთის შემცირება?
- ესეც მტკივნეული და გავლილი თემაა. სავარაუდოდ, დიფერენცირებულ გადასახადს გულისხმობთ - აი, მაგალითად, ბევრ ქვეყანაში სერვისის ნაწილი გათავისუფლებულია, ხომ?! სასტუმროში რომ შეხვალ, იქ 18%-ს კი არ გადაიხდი, გადაიხდი, დავუშვათ, 3%-ს, ხოლო მაღაზიაში რომ შეხვალ და ტექნიკას იყიდი, იქ ჩვეულებრივად 18%-ს იხდი. აი, ასეთი დიფერენცირებული მიდგომის მომხრე ვართ, მას ნამდვილად ექნება ეფექტი და თუ სფეროს წახალისება გვინდა, კარგი იქნება… მაგრამ აქ ისევ ადმინისტრირების ნაწილი შემოდის. ზოგადად, სახელმწიფო ამბობს, რომ კოდექსს შეღავათებით ვტვირთავთ - ცალკეა ჩათვლის უფლებით და ცალკე ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, ბევრი რამ არ იბეგრება, მათ შორის სოციალური საკითხები, მედიცინა და განათლება საერთოდ არ იბეგრება დღგ-ით.
- ანუ დღგ-ის დიფერენცირებული მოდელის შემოღება კარგი იქნებოდა?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა. ამ ინიციატივას ჩვენც დავუჭერთ მხარს, იმიტომ რომ ზოგადად, დარგის წახალისება თუ გვინდა, ეს კარგი ინსტრუმენტია.
- თქვენი ასოციაციის ერთ-ერთი მისია ბიზნესის და თქვენი წევრების საჭიროებების ადვოკატირება, გარკვეული თემების ლობირებაა. ამ თემაზე, მაგალითად, საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ბოლოს როდის გქონდათ კომუნიკაცია ან მცდელობა ფინანსთა სამინისტროსთან?
- კონკრეტულად ეს დიფერენცირებული გადასახადები უფრო კონსტიტუციური მოწყობის საკითხია - არჩევანია, ასეთი გადასახადები გვქონდეს თუ - ისეთი. გარკვეული მცირე შეღავათები რომ ყოფილიყო, ამისთვის სახელმწიფომ ჩვენი თხოვნებიც გაითვალისწინა და შემოიღო სტატუსები - მიკრობიზნესისა და მცირე ბიზნესის სტატუსები. სწორედ ამ სტატუსებით ხდება ამ სფეროს ხელშეწყობა, ვინაიდან მცირე მეწარმეს ბრუნვის 1%-იანი გადასახადი აქვს. ამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვიყავით. აქ მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან დიდი გვქონდა - ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა თანხას/ხელფასს, მაგრამ ეს არ დეკლარირდებოდა და ეკონომიკაში „თეთრად“ არ ჩანდა.
- საგადასახადო ტვირთი დღეს მცირე და საშუალო ბიზნესს არ აწუხებს დიდად?
- იმდენად დაიხვეწა ეს თემა, რომ, სიმართლე გითხრათ - ჩვენი გარკვეული კვლევებიც ამას მოწმობს - გადასახადების გამოთვლა და გადახდა იმდენად გამარტივდა, რომ „მოჭამა ჭირის“ ვარიანტია, ყველაფერი ელექტრონულად არის...
- გადახდა გამარტივდა, მაგრამ ტვირთი მძიმეა თუ არა?
- საგადასახადო ტვირთი, განაკვეთის კუთხით, არ არის მძიმე, ძალიან კარგია. რეგიონს თუ შევადარებთ, ერთ-ერთი ლიდერები ვართ და საკმაოდ კარგი განაკვეთები გვაქვს.




























