პლასტიკის ბოთლების მინით ჩანაცვლება პროდუქციას 100%-ით გააძვირებს - ამის შესახებ BM.GE-თან საუბარში "პეპსი ჯორჯიას" იურიდიულმა მენეჯერმა თინათინ გუგუნავამ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. პეტის (პლასტმასის) ბოთლებით სასმლის რეალიზაცია დიდი რაოდენობით ხდება ჰორეკა სექტორში, შესაბამისად, თუ ამ კუთხით შეზღუდვები ამოქმედდება, პროდუქციის გაძვირებასთან ერთად, კომპანიას ახალი საწარმოო ხაზის მოწყობაც მოუწევს, რაც დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული.
“საკმაოდ დიდი გავლენა ექნება ასეთი რეგულაციების შემოღებას ჩვენი კომპანიისთვის. ეს რეგულაცია ეხება დიდ სექტორს, ჰორეკა სექტორს, იქიდან გამომდინარე, რომ ჰორეკა სექტორი მხოლოდ სარესტორნო სექტორიც არ არის, ასევე არის მიტანის სერვისიც. ჩვენი კომპანია საკმაოდ მნიშვნელოვან წილს მოიცავს ამ ბიზნესის და დიდი დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული ასეთი რეგულაციის შემოღების შემთხვევაში ბაზართან ადაპტირება", - განაცხადა თინათინ გუგუნავამ.
ცნობისთვის, პლასტიკის შეზღუდვის ახალი რეგულაციები, ბიზნესთან დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განიხილეს. მისი თქმით, როგორც კომიტეტის წევრებმა ბიზნესს უთხრა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებლის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
"პეპსი ჯორჯია" ამბობს, რომ მინის ბოთლებზე გადასვლა მათი მხრიდან დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. მისივე თქმით, პლასტიკიდან მინაზე გადასასვლელად მინიმუმ ორი წელი იქნება საჭირო.
"ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, თუმცა, რამდენიმე მილიონის ინვესტიციაზეა საუბარი. ამასთან, მინიმუმ ორი წელი იქნება საჭირო, ასეთი წარმოების ხაზის ჩამოტანისთვის, დამონტაჟებისთვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის და ამ წარმოების გამართვისთვის", - ამბობს "პეპსი ჯორჯიას" იურიდიული მენეჯერი თინათინ გუგუნავა.
შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს იდეა, რომ პირველ ეტაპზე პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების შესყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციებზე გავრცელდეს, შემდეგ კი შეზღუდვა ჰორეკა სექტორსაც შეეხოს. როდის იქცევა იდეა ვალდებულებად, უცნობია, თუმცა ის, რომ სასმელების წარმოებაში იაფიანი პლასტიკი უფრო ძვირიანმა მინამ უნდა ჩაანაცვლოს, როგორც ჩანს, უკვე გადაწყვეტილია.



























