მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰორმუზის სრუტეში გადასახადები არ იქნება - ტრამპი

ჰორმუზი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის პირობებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სრუტეში გადასახადები არ დაწესდება.

მისი თქმით, ვაშინგტონი გადასახადების შემოღებას არც ამ ვადის გასვლის შემდეგ გეგმავს, თუმცა ამას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მიღწეული შეთანხმებები დაირღვევა.

„ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში გადასახადები არ იქნება და გადასახადები ამ 60-დღიანი პერიოდის შემდეგაც არ იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო მას თავად აშშ არ დააწესებს საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მფარველი ანგელოზის სახით გაწეული მომსახურებისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ხარჯების ანაზღაურების მიზნით“, — წერს დონალდ ტრამპი საკუთარ პლატფორმაზე Truth Social.

ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის მიერ შაბათს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თეირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურა. ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის მრჩეველმა, მოჰამად მოხბერმა აშშ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული 14-პუნქტიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი პუნქტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ირანული მხარის განმარტებით, აღნიშნული პუნქტი ცეცხლის შეწყვეტას „ყველა ფრონტზე“, მათ შორის ლიბანშიც ითვალისწინებდა, ისრაელის მიმდინარე იერიშები კი ამ შეთანხმებას არღვევს.

ირანის სამხედრო უწყების განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სრუტის ბლოკირებას უარყოფს. ვაშინგტონის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემები კვლავ შეუფერხებლად გადაადგილდებიან და შაბათს სრუტე 55-მა გემმა უსაფრთხოდ გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები