აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ საზღვაო დერეფანში, ჰორმუზის სრუტეში გემების მიმოსვლა თითქმის სრულად შეწყდა.
ერთობლივი საზღვაო საინფორმაციო ცენტრ JMIC-ის მონაცემებით, 1 მარტს სრუტე მხოლოდ სამმა ტანკერმა გადაკვეთა, მაშინ როცა 28 თებერვალს მათი რაოდენობა 50-ს შეადგენდა. მკვეთრად, 98-დან 18 ერთეულამდე შემცირდა სატვირთო ხომალდების გადაადგილებაც, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელთან, დღეში 138 გემთან შედარებით მკვეთრი ვარდნაა.
საზღვაო თვალთვალის სისტემებმა უკვე დააფიქსირეს ხომალდების ქაოსური მოძრაობა: მაგალითად, ტანკერი KHK Empress-ი სრუტეში შესვლისას მკვეთრად შემობრუნდა და უკან მაქსიმალური სიჩქარით წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გემი უსაფრთხოების მიზნით სალოკაციო სიგნალს თიშავს და ე.წ. ბნელ ტრანზიტს ახორციელებს, ექსპერტების შეფასებით, რეალური სურათი მაინც საგანგაშოა. მიმოსვლის პარალიზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სადაზღვევო კომპანიების უარია, სამხედრო რისკისაგან დააზღვიონ აღნიშნულ ზონაში მცურავი ხომალდები.
სრუტის ფაქტობრივი ბლოკირება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის, იგივე LNG-ს გლობალურ მიწოდებას. ანალიტიკოსების პროგნოზით, გამტარუნარიანობა დაბალ ნიშნულზე მანამ დარჩება, სანამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიები არ აღდგება. შექმნილი ვითარება უკვე აისახა ფრახტის ღირებულებასა და ენერგორესურსების მსოფლიო ფასებზე, რადგან ჰორმუზის სრუტეზე გლობალური ნავთობვაჭრობის მეხუთედი მოდის.




























