ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრის, UKMTO-ს ცნობით, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი 28 სექტემბრის საღამოს მოხდა, თუმცა ბრიტანულმა ცენტრმა მომხდარის შესახებ ცნობები დაგვიანებით მიიღო.
გავრცელებული მონაცემებით, ტრანზიტით მოძრავ ხომალდს უცნობი ჭურვი მოხვდა და ბორტზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო და გემმა ცურვა უსაფრთხოდ გააგრძელა.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ამ ეტაპზე დაზარალებული ხომალდის სახელი, ტიპი და რეგისტრაციის პორტი გასაჯაროებული არ არის.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგორესურსების გადაზიდვისთვის სტრატეგიულ საზღვაო დერეფნად მიიჩნევა. ომის დაწყებამდე მასზე გლობალურად ნავთობისა და LNG-ს ექსპორტის 20%-ი მოდიოდა.
























