ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად, იმპორტირებული წიაღისეული საწვავის გაძვირებამ ევროკავშირს დამატებით 127 მლრდ ევროს ხარჯი მოუტანა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ, 3 ნოემბერს, ბრიუსელში, WinWin Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ენერგორესურსებზე დამოკიდებულება ევროპისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ენერგეტიკულ რისკებს ქმნის. ფონ დერ ლაიენის თქმით, ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ ევროპამ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავში დამატებით 127 მლრდ ევრო გადაიხადა ისე, რომ ენერგიის დამატებითი მოცულობა არ მიუღია.
„როდესაც ნავთობისა და გაზის იმპორტი შემოგვაქვს, არსებობს რისკი, რომ მათთან ერთად იმ შოკებსა და კრიზისებსაც ვიმპორტირებთ, რომლებიც ამ რესურსებს ახლავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის შეფასებით, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლა მხოლოდ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას არ ემსახურება. ეს პროცესი ევროპისთვის კონკურენტუნარიანობისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საკითხიცაა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოსვლისას ევროპის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების სამი ძირითადი პრიორიტეტი გამოყო. ესენია: ერთიანი ბაზრის პოტენციალის სრულად გამოყენება, მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ათვისება და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
























