მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HSBC-იმ კვანტური ტრეიდინგ ბოტი წარადგინა

კვანტური

უმსხვილესმა ბრიტანულმა საბანკო-საფინანსო ჰოლდინგმა, HSBC-იმ ინვესტორებს და კლიენტებს ახალი თაობის ტრეიდინგ ბოტი წარუდგინა, რომელიც ამერიკული IBM-ის მიერ შექმნილ კვანტურ ტექნოლოგიას ეფუძნება.

HSBC-ის განმარტებით, ახალ ბოტს 34%-ით უკეთესად შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ როგორ წარიმართება თითოეული ტრეიდი, რაც, საბოლოო ჯამში, მისი ოპერირების ამონაგებს ზრდის.

საწყის ეტაპზე, კვანტური ტექნოლოგიით აღჭურვილი ბოტი მხოლოდ ობლიგაციებით ივაჭრებს, თუმცა მას მომავალში შესაძლებლობები გაეზრდება და ის ეტაპობრივად სუპერკომპიუტერების ჩანაცვლებას დაიწყებს, რომელთაც ამჟამად აქტიურად იყენებენ საინვესტიციო და ტრეიდინგ ფონდები.

როგორც IBM-ის წარმომადგენლობა აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი პირველი დასტური იმისა, რომ კვანტური გამოთვლითი ტექნოლოგია მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი და მას დიდი პოტენციალი ფინანსებსა და ინვესტირებაში შეიძლება ჰქონდეს.

ზოგადად, კვანტურ კომპიუტერს, ქუბიტების წყალობით, წამში გაცილებით მეტი კალკულაციის განხორციელება შეუძლია, ვიდრე ტრადიციულ კომპიუტერს, რომელიც 0-ებისა და 1-ების, ანუ ბინარული სისტემით აზროვნებს. სისწრაფის მიუხედავად, ტექნოლოგია ჯერ კომერციული გამოყენებისათვის მზად არ არის, რადგან ის პროგრამულად გაუმართავია და ერთი კვანტური კომპიუტერის ღირებულება მრავალჯერ აღემატება პლანეტის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის ფასსაც. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტექნოლოგია განვითარდება და მომავალში ის უფრო პრაქტიკული და ხელმისაწვდომი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები