ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები საავტომობილო ინდუსტრიის ათვისებას განაგრძობენ. ტენდენციას, რომელიც საშუალო და მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სმარტფონების მწარმოებელმა Xiaomi-მ დაიწყო, ამიერიდან, Huawei-იც შეუერთდა, რომელმაც კონკურენტებად, არც მეტი, არც ნაკლები Rolls-Royce Spectre-ი, Mercedes-Maybach EQS-ი და BMW i7 შეარჩია.
თავად ეს მიდგომა ჭკვიანურია, რადგან სამყაროში, სადაც კომპანიები და მომხმარებლები ელექტრომობილებს სულ უფრო ხშირად უარობენ, Rolls-Royce-მა, Maybach-მა და Bentley-მ მოწინავე პოზიციების შენარჩუნება მაინც მოახერხა.
ვიზუალურად, Huawei Maextro S800 მისი პირდაპირი კონკურენტების ნაზავია. პროფილით, ჩინური ავტომობილი Rolls-Royce-ის Spectre-ის და Ghost-ის ნაზავს მოგვაგონებს, რომელსაც ის არც ზომებით ჩამორჩება — Maextro S800-ის სიგრზე 5.5 მეტრია, სიგანეში კი ავტომობილი 2 მეტრია. ორ ფერში გადაწყვეტილი კორპუსით და თვლების დიზაინით Maextro S800 გერმანული Maybach-ის ასლია, ხოლო ინტერიერში, ისევე, როგორც მაშუქებთან Rolls-Royce-ისთვის დამახასიათებელ ღამის ცას ვხვდებით. მოლოდინის მიუხედავად, ჩინური ავტომობილის ცხვირი და მაშუქები ასევე Rolls-Royce-ის ელექტრომობილს მოგვაგონებს, მაგრამ რომაული პანთეონით შთაგონებულ ცხაურას, ვერსად ვხვდებით.
Huawei-ის უახლესი პრემიული ელექტრომობილი ორი კომპლექტაციით გამოდის. სტანდარტულ Maextro S800-ში 635 კილოვატის ჯამური სიმძლავრის სამ ელექტრონულ მოტორს ვხვდებით, რომელთა დახმარებით მანქანა 852 ცხენის ძალას ავითარებს და 280-მდე კილომეტრს გადის. Maextro S800-ის გაძლიერებული ვერსია ჰიბრიდულია, ხოლო ავტომობილში ორ მოტორს და 1.5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავს ვხედავთ, რომელთა დახმარებით ავტომობილი 677 ცხენის ძალას ავითარებს. ჰიბრიდული Maextro S800-ის ელემენტი 10%-დან 80%-მდე სულ რაღაც ათ წუთში იმუხტება, რომლის დახმარებით ავტომობილი მაქსიმუმ 370 კილომეტრს გადის.
Maextro S800 ორი ჩინური გიგანტის — Huawei-ის და JAC-ის ერთობლივი პროექტია. ავტომწარმოებელმა მანქანის შასი შექმნა, როცა Huawei-მ ტექნოლოგიებზე იზრუნა. შედეგად 32 სენსორით აღჭურვილი ავტომობილი მივიღეთ, რომელთა დახმარებით ბორტკომპიუტერი გზის ტრაექტორიას, ასფალტის საფარის ხარისხს და მდგომარეობას, ამინდის ცვლილებას და გზაზე არსებულ დაბრკოლებებს აანალიზებს, რათა მძღოლს მართვის საუკეთესო გამოცდილება, მგზავრს კი — იდეალური სიჩუმე და სრულყოფილი კომფორტი შესთავაზოს. როგორც Huawei-ში ამბობენ, დაკიდების სისტემა ტექნოლოგიურად იმდენად დახვეწილია, რომ ის, უბრალოდ, უკონკურენტოა.
Huawei Maextro S800 ჩინეთის ბაზრისთვის შეიქმნა, სადაც ულტრაპრემიული პროდუქტები, მათ შორის ძვირად ღირებული ავტომობილები განსაკუთრებით უყვართ. თუკი ადრე, ჩინური ავტომობილები სანდოობით, ხარისხით და ტექნოლოგიურობით არ გამოირჩეოდნენ და ჩინელები იმპორტულ ავტომობილებს, მათ შორის Rolls-Royce-ის, BMW-ს და Mercedes-Benz-ის ბრენდის მანქანებს ყიდულობდნენ, დღეს ამას ნამდვილად ვეღარ ვიტყვით და უახლესი Huawei Maextro S800 — ამ ტენდენციის ნათელი მაგალითია. ჩინეთის ბაზარზე მანქანა მაისიდან გამოჩნდება და მისი ფასი, სავარაუდოდ, $140,000-დან დაიწყება.