"ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია Huawei-ს პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან ცნობილი ხდება, რომ კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.
უნდა აღინიშნოს, რომ Huawei-ში მხრიდან საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული ინტერესის მხარდაჭერის ინტერესი ჯერ კიდევ 2023 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს გამოითქვა, რის შესახებაც ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 2024 წელს კი მარიამ ქვრივიშვილის წინამორბედმა ლევან დავითაშვილმა პეკინში Huawei-სთან შეხვედრისას, STEAM და ICT განათლების გაღრმავების კუთხით Huawei-სთან პოტენციური პარტნიორობის განხილვის მზაობა გამოთქვა.
დღეს კი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზით ირკვევა, რომ ეკონომიკის მინისტრად ახლად დანიშნული მარიამ ქვრივიშვილი Huawei-ს პრეზიდენტს მოადგილეებთან და GITA-ს ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა.
"საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ, „ჰუავეის“ ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.
მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის“ წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება ფართო რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. კერძოდ, ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორები, საერთაშორისო IT სკოლა, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორია, მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები.
„ჰუავეის“ წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.




























