მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰუმბოლდტია თუ ივანე ჯავახიშვილი - ვინ არიან ეს ადამიანები?!|ილიაუნის რექტორი განათლების რეფორმაზე

ნინო დობორჯგინიძე

ნინო დობორჯგინიძე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს მკაცრად აკრიტიკებს.

„უმაღლესი განათლების რეფორმის“ რეალური მიზანი ხარისხის გაუმჯობესება არ არის - ეს განათლების დეფორმაა” - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

რექტორი მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ცალმხრივი მოქმედება და დაიწყონ დიალოგი აქტორებთან, ვისაც რეფორმა ეხება.

ნინო დობორჯგინიძე რამდენიმე კითხვას სვამს, რაც რეფორმისადმი მის უნდობლობას განაპირობებს და არ სჯერა გაცხადებული მიზნების, რაც უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მის თავსებადობას გულისხმობს. რექტორის მთავარი არგუმენტებია:

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და ექსპერტიზის არარსებობა

რექტორს უკვირს, რომ 13-წლიანი მმართველობის შემდეგ, ხელისუფლება 2 თვის განმავლობაში ცდილობს მთლიანად შეცვალოს ის წესები და სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში აშენდა.

„მე ერთი ძალიან მარტივი კითხვა მაქვს - განათლების სამინისტრო, რომელიც არის ავტორი ამ კანონპროექტის და, მგონი, ორად ორი ადამიანია, ვინც ძირითადად სპიკერია [ამ თემაზე], ძალიან მაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები - ჰუმბოლდტია, რომელმაც თანამედროვე საუნივერსიტეტო კონცეფცია შექმნა მსოფლიოში თუ ივანე ჯავახიშვილია, რომელმაც მთელი ქართული საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო კონცეფცია შექმნა, რომ ჩვენ ასე, ყოველგვარი დოკუმენტის, საბუთის, სხვების აზრის გარეშე მათ ასე უპირობოდ დავუჯეროთ, რომ ეს იქნება ძალიან კარგი [რეფორმა]?! აი, ხომ ძალიან მარტივი [კითხვაა?!]

„კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მის მომზადებაში არ მიუღია მონაწილეობა არცერთ ადგილობრივ ან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, არცერთ ინსტიტუციას (მათ შორის უნივერსიტეტებს, სტუდენტებს) და არ მომზადებულა სხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების გამოცდილების მიმოხილვა და ჩვენ, უნივერსიტეტებმა, ასე უნდა უნდა დავუჯეროთ?!“ - კითხვებს სვამს რექტორი.

აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა

ნინო დობორჯგინიძისთვის აკადემიური თავისუფლების ყველაზე დიდი შეზღუდვა კანონპროექტში ჩაწერილი დებულებაა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა დაამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებს. მისი თქმით, „ამაზე მეტი აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ინსტიტუციური ავტონომიის შეზღუდვა არ არსებობს“.

საერთაშორისო ნორმებთან წინააღმდეგობა

რექტორი მიუთითებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულების 379-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ავალდებულებს, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ევროკავშირის მოდერნიზაციის დღის წესრიგისა და ბოლონიის პროცესის შესაბამისად. ის, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს განათლების რეფორმის შესაბამისობას ENQA-ს [უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია] და WFME-ს [ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია] ნორმებთან, რაზედაც სამედიცინო განათლების დიპლომების საერთაშორისო აღიარებაა მიბმული.

„არ არსებობს ევროკავშირის უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი აკადემიური თავისუფლების და ინსტიტუციური ავტონომიის გარეშე“, - აცხადებს ნინო დობორჯგინიძე.

"წერტილთან" ინტერვიუში ილიაუნის რექტორმა ის კითხვებიც ჩამოთვალა, რაც მომავლის წლის დასაგეგმად უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლების სამინისტროსგან, ჯერჯერობით, პასუხები არ აქვთ.

უპასუხო კითხვები

„დაახლოებით, 4000-ზე ცოტა მეტ სტუდენტს იღებს ილიას უნივერსიტეტი ყოველწლიურად. ჩვენ ჯერ არ ვიცით და თებერვლამდე არ გვეცოდინება, რამდენ სტუდენტს მივიღებთ. როგორ უნდა დავგეგმოთ ბიუჯეტი?! უნივერსიტეტმა ბიუჯეტი როგორ უნდა დაგეგმოს?! როგორ უნდა დავგეგმოთ სამომავლოდ კვლევა - ჩვენი კვლევითი მიმდინარე პროექტები, რომელიც ერთწლიანი კი არ არის, არამედ წლების განმავლობაში გრძელდება და როგორ უნდა შევინახოთ ლაბორატორიები, რომლის შესახებ განათლების სამინისტროს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა არა აქვს“, - აცხადებს ის.

„წერტილთან“ ინტერვიუში ნინო დობორჯგინიძემ მკაცრად გააკრიტიკა „ერთი ფაკულტეტი - ერთი ქალაქის მოდელი" და აღნიშნა, რომ ეს მოდელი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და არც საბჭოთა კავშირში იყო მსგავსი პრაქტიკა. რექტორის აზრით, ამ მოდელის შემოღება „სტუდენტისთვის ცხოვრებას კატასტროფულად გააძვირებს“.

„უნდა დასრულდეს განათლების დეფორმა“ - აცხადებს რექტორი ინტერვიუს დასასრულს. ნინო დობორჯგინიძე ხაზს უსვამს, რომ არავინ არ არის წინააღმდეგი დიალოგის და საუბრის იმის შესახებ თუ „რა ტიპის სამომავლო უნივერსიტეტი გვჭირდება“, მაგრამ დღეს, უნივერსიტეტებს ამაზე არავინ ესაუბრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები