მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუსიტებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი ალყაში მოაქციეს

ჰუსიტები

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა იემენის სიდიდით მესამე ქალაქი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ტაიზი ალყაში მოაქციეს.

წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ განხორციელებული შეტევის შემდეგ, ქალაქის ყველა მთავარი შესასვლელი ფრონტის ხაზად იქცა. ტაიზზე კონტროლის დამყარება მეამბოხეებს პირდაპირ გზას უხსნის სამხრეთისკენ - ქალაქ ადენზე, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის დროებითი რეზიდენცია მდებარეობს.

Financial Times-ის ინფორმაციით, მოულოდნელად დაწყებული სამხედრო მოქმედებების გამო მოსახლეობამ ქალაქიდან გასვლა ვერ მოასწრო. ტაიზში, რომელიც ისედაც იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდეს რაოდენობას მასპინძლობს, სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის კატასტროფული დეფიციტია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მონაცემებით, ბრძოლების გამო ორგანიზაცია ვერ ახერხებს 600 000-ზე მეტ ადამიანთან წვდომას, რომლებიც მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი. იემენის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰუსიტების ქმედებებს „ომის დანაშაული“ უწოდა და წითელ ჯვართან ერთად ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე მუშაობს.

ტაიზის ბლოკადის პარალელურად, მეამბოხეებმა სარაკეტო იერიში ადენში მდებარე ალ-მააშიკის საპრეზიდენტო სასახლის კომპლექსზე მიიტანეს, რის შედეგადაც დაცვის რამდენიმე წევრი დაიღუპა, რამდენიმე კი - დაშავდა. ეს სამთავრობო რეზიდენციაზე პირველი თავდასხმაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილმა სამთავრობო ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ბაბ-ელ-მანდების სრუტესა და საპორტო ქალაქ მოხას გარშემო, ჰუსიტები საკვანძო პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ.

ექსპერტების შეფასებით, ტაიზს როგორც სტრატეგიული, ისე დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - ის ანტიჰუსიტური წინააღმდეგობის მთავარი ცენტრი და ქვეყნის პრეზიდენტის, რაშად ალ-ალიმის მშობლიური ქალაქია. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ იემენში სახმელეთო წინსვლითა და პარალელურად საუდის არაბეთის ენერგოობიექტებსა და აეროპორტებზე მიტანილი იერიშებით, ჰუსიტები ცდილობენ ერ-რიადს ომის ფასი გაუზარდონ და აიძულონ, იემენის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები