საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ისლამური რელიგიის უმნიშვნელოვანესი ცენტრის, მექას მიმართულებით გაშვებული ჰუსიტების უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. როგორც ირკვევა, სამეფოს სამხედროებმა დრონს წმინდა ქალაქის საჰაერო სივრცეში შესვლის საშუალება არ მისცეს და ააფეთქეს.
საყურადღებოა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტურმა მოძრაობამ ბრალდება კატეგორიულად უარყო და ოფიციალური ერ-რიადის განცხადებას "გაცვეთილი სიცრუე" უწოდა. კოალიციის პრესსპიკერმა თურქი ალ-მალკიმ მომხდარი მილიონობით მუსლიმის წინააღმდეგ მიმართულ გამიზნულ ქმედებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქის უსაფრთხოება "წითელი ხაზია". მომხდარს მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელმაც იერიშს "საზარელი თავდასხმა" უწოდა.
რაც შეეხება რეაქციას ენერგეტიკულ ბირჟაზე, მომხდარს ნავთობისა და გაზის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. ამჟამად Brent-ის მარკის ნავთობი ფასი ბარელზე $107.8-ს აღწევს, ამერიკული WTI-ის ფასი კი ბარელზე $104.6-ს შეადგენს.
























