საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრინცი ფაისალ ბინ ფარჰანი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების გასამართად ვაშინგტონში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ საკითხებს განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური შეხვედრა ერ-რიადსა და იემენელ ჰუსიტებს შორის სამხედრო დაპირისპირების მკვეთრი ესკალაციის ფონზე იმართება. შესაბამისად, საუბრის თემა შეიძლება იყოს სამხედრო დახმარების გაწევის საკითხიც.
Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა მიმდინარე თვეში ვაშინგტონს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა ოფიციალურმა ვაშინგტონმა იემენზე პირდაპირი დარტყმების განხორციელებაზე უარი თქვა. ამან სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გაამწვავა და რეგიონში დესტაბილიზაცია გაზარდა.
























