Hyundai Motor-ი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, სამხრეთ კორეაში მდებარე ქარხანაში ავტომობილების წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Hyundai-ის ქარხანაში წარმოება 5 აპრილიდან 13 აპრილამდე შეჩერდება. როგორც წესი, Hyundai Motor-ის აღნიშნული ქარხანა წელიწადში დაახლოებით 311,000 ავტომობილს აწარმოებს.
Reuters-ის მიხედვით, არსებული მარაგების წყალობით, Hyundai-ის საწარმომ სხვა ავტოკონცერნებთან შედარებით შეძლო კომპიუტერული ჩიპების დეფიციტს უფრო დიდხანს გამკლავებოდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კომპიუტერული ჩიპების დეფიციტმა ავტოწარმოებაში პრობლემები შეუქმნა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიც არის General Motors-ი, Ford-ი, Stellantis-ი და ჩინური ელექტრომობილების საწარმო NIO. General Motors-ი და Ford-ი ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ თუკი კომპიუტერული ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება, ავტოკონცერნები 2021 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს დაკარგავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები კოვიდპანდემიითაა გამოწვეული. სამომხმარებლო ტექნიკაზე გაზრდილი მოთხოვნა და ჩიპების წარმოების პროცესის შეფერხება დეფიციტის უმთავრეს მიზეზებად სახელდება.