მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“I კვარტალი იმაზე ცუდი იყო, ვიდრე ველოდით” - შალვა ალავერდაშვილი ტურიზმის სამ თვეს აფასებს

643f9b71290ed
თელარა გელანტია
19.04.23 17:45
1455
“I კვარტალი იყო იმაზე ცუდი, ვიდრე ველოდით” - ასე აფასებს "სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი და საქართველოში ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf hotels group-ის წარმომადგენელი შალვა ალავერდაშვილი ტურიზმის სამ თვეს.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის I კვარტალის შედეგების გაანალიზებისას მან თქვა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, არასწორია ტურისტად ჩაითვალოს ვიზიტორი, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს რჩება. გარდა ამისა, ჰოტელიერის აზრით, დღეს საქართველოში მყოფი რუსები რეალურად ტურისტები არ არიან.

- ქვეყნისთვის და ზუსტი სტატისტიკის წარმოებისთვის კარგი იქნებოდა, თუ საზღვარზე შემოსულ უცხოელებს შემოსვლის მიზანს ვკითხავთ - ტრანზიტი, დასვენება თუ ბიზნესი. ასეთ შემთხვევაში გვეცოდინება, რეალურად რამდენი ტურისტი გვყავს ქვეყანაში. იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც ვიყენებთ, ის, ვინც 24 საათი და მეტ ხანს რჩება ქვეყანაში, ითვლება ტურისტად. მეორე მხრივ, ვხედავთ ქვეყანაში როგორ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ საბაჟოზე რიგებია და ბუნებრივია, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, 24 საათზე მეტხანს რჩებიან აქ და ყველა ტურისტად აღირიცხება. ასევე, საქართველოს გავლით სომხეთსა და თურქეში გადადის რუსეთის მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადი, რომელთა ნაწილი ასევე 24 საათზე მეტ ხანს რჩებიან საქართველოში...

- ანუ რა გამოდის - ტურისტად ვინ დაგვრჩა საქართველოში?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში რუსეთიდან თითზე ჩამოსათვლელი ტურისტები გვყავს. რეალური ტურისტი რასაც ჰქვია, თითქმის არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი ვინც აქ დარჩა, ეპატიჟება თავის მეგობარს და მათთან სახლში რჩებიან. მაგალითად, აღდგომის დღესასწაულებზე რუსები თავისივე მეგობრებთან ჩამოვიდნენ, რამდენიმე დღე დარჩნენ და წავიდნენ...

- ამდენად, როგორი იყო პირველი კვარტალი ტურიზმისთვის?

- პირველი კვარტალი იყო იმაზე ცუდი, ვიდრე ველოდით. უამინდობის გამო, იანვარი პირწმინდად ჩაგვივარდა მაღალმთიან კურორტებზე. თებერვალში ამინდი გამოკეთდა, ასევე მსოფლიო ჩემპიონატმა დიდი როლი ითამაშა ბაკურიანში, მაგრამ მაინც საკმაოდ ნაკლები იყო ტურისტების რაოდენობა; მარტი კი, იმაზე ცუდი იყო, ვიდრე ოდესმე გვქონია, თუ არ ჩავთვლით პანდემიას. საქმე ის არის, რომ 15-დან 30 მარტის ჩათვლით ნოვრუზის დღესასწაულია, როდესაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა; თუმცა დღემდე აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილია. ირანიდან ტურისტები ვერ ჩამოვდინენ - იქ რთული მდგომარეობააა. ასევე, რუსეთიდან ტურისტი არ გვყავს, არც - უკრაინიდან. ჯგუფური ტურიზმი მთლიანად შეწყვეტილია - ევროპიდან ძირითადად ინდივიდუალურად მოდიან, რაც გამოწვეულია ომის ფაქტორით, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს და მჯერა, მალე გაიმარჯვებს, ევროპიდან ბევრ ტურისტულ ჯგუფს ველოდებით. ამ ეტაპზე ტურისტები სტაბილურად მოდიან ისრაელიდან და ასევე, წელს გალფის ქვეყნები იქნებიან ლიდერები - მაისის მეორე ნახევრიდან ტურისტების შემოდინება დაიწყება და შემიძლია ვთქვა, რომ გალფის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები საქართველოს ტურიზმში წელს ძალიან დიდ როლს შეასრულებენ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845,332 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 2019 წლის მონაცემის 95.8%-ით აღდგენაა. განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ქვეყნების რეიტინგში პირველ სამეულს მეზობელი ქვეყნები იკავებენ, საიდანაც ლიდერი რუსეთია. აღსანიშნია, რომ TOP-15 ქვეყანაში, საიდანაც I კვარტალში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ევროკავშირის ორი ქვეყანა - პოლონეთი და გერმანია გვხვდება. I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკას ეროვნული ბანკი აპრილის ბოლოს გამოაქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები