2026 წლის I კვარტალში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში ამერიკული ინვესტიციის მოცულობა 3.4%-ით შემცირდა და 47.5 მლნ დოლარი შეადგინა.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია - რომელ სექტორებსა და კომპანიებში ჩაიდო პირველ კვარტალში ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. უწყებიდან მიღებული ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ დარგების რეიტინგში პირველ ადგილს ინფორმაცია და კომუნიკაციები იკავებს, სწორედ აქ ჩაიდო ამერიკული ინვესტიციების 71%.
TOP-10 სექტორის რეიტინგი:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $33.7 მლნ;
- უძრავი ქონება - $9.6 მლნ;
- ჯანდაცვა - $1.8 მლნ;
- განათლება - $1.8 მლნ;
- სოფლის მეურნეობა - $716 ათასი;
- პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები - $713 ათასი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - $518 ათასი;
- ვაჭრობა - $ 165 ათასი;
- ლოგისტიკა - ...;
- სტუმარმასპინძლობა - $14 ათასი;
საქსტატის განმარტებით, ლოგისტიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა კონფიდენციალურია, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, რადგან მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობის ამერიკული ინვესტიცია ჩაიდო, მათი ათეული ასე გამოიყურება:
- World Vision International-ის ფილიალი საქართველოში;
- საერთაშორისო არაკომერიული ორგანიზაციის მერსი ქორფს-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს მაგთიკომი;
- ტექნოლოჯი მენეჯმენტ კომპანი ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში;
- შპს საქართველოს უნივერსიტეტი;
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
- შპს რექტუს დეველოპმენტი;
- შპს ნათს ინქორფორეითიდ;
- შპს ლაითსპიდ საქართველო;
- შპს დისქაუნთ დეპო




























