მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"I კვარტალში ძალიან კარგი ზრდა გვქონდა" - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ Rooms-ის სასტუმროებს?

Rooms Hotel

სასტუმროების მმართველი კომპანია Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მათი ჯგუფისთვის პირველი კვარტალი კარგი შედეგებით დასრულდა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. გადაცემა #რედაქტ2-ში ვალერი ჩეხერიამ Rooms-ის დატვირთულობაზე საუბრისას განმარტა, რომელ რეგიონში რომელი ქვეყნის ტურისტები ჭარბობდნენ მათ სასტუმროებში. ის ამბობს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კომპანიამ იმაზე მეტი მოგება მიიღო, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. შესაბამისად, მათ საშუალება მიეცათ, ზაფხულის სეზონისთვის მარკეტინგისთვის მეტი თანხები გამოეყოთ.

სასტუმროების მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პანდემიის შემდეგ პირველი წელია, როდესაც დარგი უნდა განვითარდეს და ზრდა რეალურად იგრძნოს, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სასტუმროებზე ნეგატიურად აისახება და ამას მოგვარება სჭირდება.

- წლის პირველ კვარტალში ეკონომიკამ ტურიზმიდან 807 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება როგორც 2019 წლის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის შემოსავალს. მახსოვს წლის დასაწყისში თქვენ სასტუმროების დაბალ ფასებზე და ევროპელი ტურისტის ნაკლებობაზე საუბრობდით. რამდენად იგრძნობა პირველი კვარტალის შედეგებით გაზრდილი შემოსავლები, Rooms Hotel-ის მაგალითზე რომ გვითხრათ?

- დღეს ფინანსური მაჩვენებლები გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მცირედით უკეთესია, რადგან ეს პანდემიის შემდეგ პირველი სრულყოფილი წელია. აქედან გამომდინარე, წელი ძალიან აქტიურად დაიწყო. გაგვიმართლა იმ კუთხითაც, რომ ზამთრის სეზონზე თოვლიანი პერიოდი დიდხანს გაგრძელდა და სამთო კურორტებზე ძალიან ბევრი ხალხი ჩამოვიდა. ამგვარად წელი ძალიან აქტიურად დავიწყეთ. პირველი კვარტალის შედეგები დაგვეხმარა იმაში, რომ გასულ წელთან შედარებით წლევანდელი შედეგები გაზრდილიყო. ახლა ის პერიოდია, რომელმაც უნდა დაგვანახოს, რამდენით შეიძლება გაიზარდოს ტურიზმი.

- დაახლოებით რა შემოსავალი ნახა კომპანიამ პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით?

- შარშან ბიზნესმა და ტურიზმის ადმინისტრაციამ ახალი ბაზრების მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა დავიწყეთ. როცა სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერდა, რომ ავსტრიის ავიახაზებთან იყო მოლაპარაკებები, ამსტერდამთან ბიუჯეტურ ფრენებზე იყო საუბარი, გერმანიაში დაემატა ფრენები. ეს ის გეგმა იყო, რაზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ.

ოთხივე სასტუმროსა და Holliday Inn-ში პირველი კვარტალის ზრდა 20%-იანი მაჩვენებლით გვქონდა დაგეგმილი.

დღეს შეგვიძლია ვთქვა, რომ პირველი კვარტალი 10%-იანი გადაჭარბებით დავხურეთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ასე რომ, პირველ კვარტალში ძალიან კარგი ზრდა გვქონდა.

ბათუმი წინა წელს გავხსენით და წელს პირველ ზაფხულს გავივლით.

ბაკურიანის Rooms Kokhta იანვარში გავხსენით და ახლა უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს. თუმცა თბილისისა და ყაზბეგის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, თუ 7-9 მლნ ლარის მოგებას ველოდით, სადღაც 20%-ით მეტი მოგება მივიღეთ და ამაზე მუშაობას ვაგრძელებდით.

თუმცა ეს პერიოდი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უნდა იყოს და ამაზე ყველამ უნდა ვიმუშაოთ. ბიზნესს ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი დასარწმუნებლები არიან, რომ დღეს საქართველოში მოგზაურობა ეს არის ჩვენი, ბიზნესის მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერა, რადგან სასტუმრო ბიზნესთან ძალიან ბევრი რამ არის მიბმული - სოფლის მეურნეობა, მეღვინეობაა მიბმული. ამიტომ ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც ჩვენი ნდობა აქვთ, უნდა მივიტანოთ სიგნალი, რომ მაინც ჩამოვიდნენ მიუხედავად იმისა, რაც ხდება ქვეყანაში.

- როგორია უცხოელი პარტნიორების განწყობები?

- პირველი კითხვა არის რამდენად უსაფრთხოა ჩამოსვლა. რამდენად არ შეექმნებათ დამსვენებელს დისკომფორტი სასტუმროში მისვლის ან ქუჩაში გადაადგილების დროს, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ვარწმუნებთ, რომ ეს მშვიდობიანი დემონსტრაციებია.

- თქვენ ახსენეთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდით სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, საქართველოს მიმზიდველობის გასაზრდელად. საიდან სტუმრობენ Rooms-ის სასტუმროებს დღეს?

- Rooms-ის ყველა სასტუმროს თავისი სეგმენტი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ომია, ამ ქვეყნიდან ტურისტები ძალიან აქტიურობენ, ასევე აქტიურია ე.წ. გალფის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ტაილანდიდან - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ორგანიზებული ჯგუფები მოდიან. ევროპული ქვეყნებიდან უფრო ინდივიდუალური მოგზაურები არიან, თუ რაღაც ღონისძიება არ იმართება და დიდი ჯგუფი არ ჩამოდის.

თბილისის Rooms-ი განსხვავდება სხვებისგან თავისი ნიშურობით. ჩვენი დატვირთვის დიდი ნაწილი ბრიტანელ მოგზაურებზე, ამერიკელებზე და მერე უკვე სხვა დანარჩენი ქვეყნის ტურისტებზე მოდის. ამ სასტუმროს ტურისტები თავისი დიზაინით და რესტორნით არჩევენ.

განსხვავებული სურათი გვაქვს ყაზბეგში, სადაც დატვირთვაში პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები არიან. ასევე ძალიან აქტიურობენ ქართველი ემიგრანტები, როდესაც საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიან.

ბათუმში უფრო მეტად ქართველი დამსვენებლები არიან, ვიდრე უცხოელები. რამდენიმე დიდ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ, ფეხბურთის თამაში გვქონდა და ა.შ.

ბაკურიანში ორი ჩემპიონატი ჩატარდა და ყველაზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან ავსტრიიდან და გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ მოდიან ქართველები, რადგან ეს სამთო კურორტი ადგილობრივებშიც პოპულარულია.

- სად ხედავთ გამოსავალს?

- ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რომ რაც ქვეყანაში ხდება მაქსიმალურად ყველამ გავაანალიზოთ. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება და ფუფუნება, რომ ასეთი დიდი რყევები ჰქონდეს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხო გარემო, გვჭირდება კარგი მეგობრების გვერდში დგომა, რათა ქვეყანა განვითარდეს და მოსახლეობის კეთილდღეობა - ეს ის თემებია, რომელზეც ჩვენი ჯგუფი მუშაობს. ჩვენ მაგალითად 1000-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული. მათ განათლებას და განვითარებას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს და ხელს ვუწყობთ ადგილობრივების დასაქმებას, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მათაც იგრძნონ საქართველოში მომავლის პერსპექტივა, დასაქმდნენ თავის რაიონში და არა წავიდნენ საქართველოდან და იქ გააგრძელონ თავისი საქმიანობა იქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები