მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარების ნახევარზე მეტი თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა - G&T

ელექტროენერგია

2026 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8%-ით გაიზარდა, რაც Galt & Taggart-ის შეფასებით, განსაკუთრებით ცივ ზამთარს და იანვარ-თებერვალში მონაცემთა დამუშავებისა და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება.

2026 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა ჰიდროგენერაციაც, რაც ძირითადად ენგურ-ვარდნილის გამომუშავების 70%-იანი ზრდით აიხსნება, თუმცა ეს მეტწილად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგია. მიუხედავად ახალი სიმძლავრეების დამატებისა, ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში კვლავ მცირეა და მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს.

შედეგად, 2026 წლის პირველ კვარტალში მოხმარების ნახევარზე მეტი კვლავ თბოგენერაციითა და იმპორტით დაკმაყოფილდა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარსა და მარტში ეს მაჩვენებელი წლიურად გაუარესდა, კვარტლის ჭრილში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა.

საინვესტიციო ბანკის შეფასებითვე, მოხმარების ზრდა საცალო სეგმენტმა და აფხაზეთმა განაპირობა. ადგილობრივი მოხმარება მარტში 1.3 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 4.3%-იანი ზრდაა. ამ ზრდას საცალო მომხმარებლები და აფხაზეთი განაპირობებდა. პირდაპირი მომხამრებლების კატეგორიაში კლება დაფიქსირდა (11% წ/წ), რაც ძირითადად უკავშირდებოდა მონაცემთა ანალიზის/დატა ცენტრების კომპანიების მოხმარების შენელებას.

Galt & Taggart-ის ინფორმაციითვე, ჰიდროგენერაციის კლება და გაზრდილი მოხმარება ძირითადად თბოგენერაციით დაბალანსდა.

რაც შეეხება მარტს, ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, 2026 წლის მარტში ჰიდროგენერაცია წლიურად 8.6%-ით შემცირდა, მიუხედავად ენგურ-ვარდნილის გენერაციის მაღალი ზრდისა. ქარისა და ახალი მზის სადგურების წილი 2026 წლის მარტში 1.2%-მდე გაიზარდა, რაც ახალი სიმძლავრეების ეტაპობრივ დამატებას ასახავს; მათ შორის, მარტში ტესტირების რეჟიმში გაეშვა “ზემო ქარის სადგური” (18.7 მგვტ). შედეგად, თბოგენერაციისა და იმპორტის ერთობლივი წილი გაიზარდა 34%-დან 42%-მდე, რაც სისტემის გაზრდილ იმპორტდამოკიდებულებას და ახალი გენერაციის წყაროების საჭიროებაზე მიუთითებს.

"ჩვენი შეფასებით, იმპორტსა და თბოგენერაციას შორის არჩევანი ფასმა და ტექნიკურმა საჭიროებამ განსაზღვრა: კომერციული იმპორტის ფასი თურქეთიდან 4.6 ცენტი/კვტ.სთ იყო, აზერბაიჯანიდან - 6 ცენტი/კვტ.სთ; შედარებისთვის, გარდაბანი 1-ის ფასი 4.3 ცენტი იყო, ხოლო გარდაბანი 2-ის - დაახლოებით 5.5 ცენტი/კვტ.სთ. ამასთან, თბოსადგურების - ჯი-ფაუერისა და მტკვარი ენერჯის ფასი შედარებით მაღალი (შესაბამისად, 6.2 და 6.4 ცენტი/კვტ.სთ) იყო, რის გამოც ეს სადგურები მხოლოდ შეზღუდული მოცულობით, მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდნენ", - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები