ივლისში ქვეყანაში ჰიდრო, ქარის და მზის გენერაცია წლიურად გაიზარდა, თუმცა თბოსადგურების შემცირდა. 7 თვის ჭრილში კი ჰესების გენერაცია შემცირდა, ქარის და თბოსადგურების გაიზარდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის ივლისის მიმოხილვიდან ხდება ცნობილი.
„ივლისი ჭარბი გენერაციის ბოლო თვე იყო შემცირებული ადგილობრივი მოხმარების და კარგი ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით, მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა, თბოსადგურების გენერაცია წლიურად შემცირდა.
შედეგად, მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე მაისსა და ივნისთან შედარებით ნაკლები იყო, რაც ნაკლებ გენერაციის შეზღუდვაში გამოიხატა“, - აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.
მათი მონაცემებით, 2026 წლის ივლისში, ჯამური ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 1.4 ტვტ.სთ შეადგინა, ჯამური მიწოდების 98.1%. აქედან, ენგურ-ვარდნილის გენერაცია წლიურად 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ჰესების გამომუშავება შემცირდა (სხვა რეგულირებადი ჰესები -0.2% წ/წ, დერეგულირებული ჰესები -2.6% წ/წ).
ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 2.1-ჯერ გაიზარდა და ჯამური მიწოდების 0.9% შეადგინა. ზრდა გამოიწვია ახალი ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლამ (10.8 მგვტ მზე და 18.8 მგვტ ქარი).
2026 წლის ივლისში თბოსადგურების წილი ჯამურ მიწოდებაში 0.4%-მდე შემცირდა 2025 წლის ივლისის 4.0%-თან შედარებით და 0.01 ტვტ.სთ შეადგინა.
2026 წლის 7 თვეში ჰიდროგენერაცია წლიურად 5.3%-ით შემცირდა, გაიზარდა ქარისა და მზის სადგურების (+61.6% წ/წ) და თბოსადგურების (+18.6% წ/წ) გენერაცია, ხოლო იმპორტი 16.9%-ით გაიზარდა. შედეგად, იმპორტისა და თბოგენერაციის წილი მიწოდებაში 26.5%-მდე გაიზარდა (vs 22.5% 7M25-ში).




























