2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტები 30%-ით 96 226-მდე გაიზარდა. ევროკავშირის წილი მთლიან ვიზიტორებში კვლავ დაბალია და 8%-ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიიდან იყო, ჯამში 14 051. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 38%-ია. შემდეგ მოდის პოლონეთი 13 651 ვიზიტით, აქ წლიური ზრდა 34%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, საიდანაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 9 479 ვიზიტი შედგა, წლიურ ჭრილში ზრდა თითქმის 46%-ია. მეოთხე ადგილზეა იტალია 7 117 ვიზიტით, წლიურად ზრდა 71%-ს აღწევს. მეხუთე ადგილს საბერძნეთი იკავებს 7 089, სადაც ზრდა 22%-ს აღწევს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ჯამში 1 170 362 ვიზიტი განხორციელდა, ეს გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აქედან 997 529 ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო (წლიური ზრდა 4%), აღსანიშნავია, რომ ერთდღიანი ვიზიტები წლიურად თითქმის 41%-ით 172 833-მდეა შემცირებული.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან იყო, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა ვიზიტებში რუსეთი ლიდერობდა.
ვრცლად ამ თემაზე: Top 15 ქვეყანა, საიდანაც I კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა




























