მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში FDI წლიურად $179.4 მილიონამდე შემცირდა

FDI

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6%-ია. რეინვესტიციამ 150 მლნ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში FDI 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად 69.8%-ით 194.3 მლნ დოლარამდე შემცირდა.

2025 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტს შეადგენს.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7 პროცენტი).

რაც შეეხება დარგებს, რომლებშიც ამ პერიოდში ყველაზე დიდი FDI ჩაიდო, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 83.6% შეადგინა.

2025 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 70.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.1%-ია. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციიის სექტორი - 52.3 მლნ. აშშ დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.5 მლნ. აშშ დოლარით (15.3%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები