მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში გაყიდვები 15%-ით გაიზარდა, ბათუმში განსაკუთრებით კარგი შედეგებია - "სინომი რითეილი"

ბრენდები

2025 წლის პირველი კვარტალი საცალო ვაჭრობის სექტორისთვის ზრდის ტენდენციით დასრულდა.

რითეილ სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელთან დაკავშირებით კონსერვატიული გათვლები ჰქონდათ, თუმცა წლის პირველ სამ თვეში გაყიდვები დაგეგმილზე მაღალი ტემპით გაიზარდა.

როგორც Zara-ს, Massimo Dutti-ს, Mango-ს და სხვა ბრენდების ოპერატორი კომპანია „სინომი რითეილის” დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა BMG-ის განუცხადა, მათი ჯგუფში შემავალ მაღაზიებში წლის პირველ კვარტალში გაყიდვები დაახლოებით 15%-ითა გაზრდილი, რაშიც წვლილი შეიტანა როგორც მომხმარებლების ნაკადის, ასევე მათ მიერ გაწეული დანახარჯების ზრდამ.

„სინომი რითეილში” ამბობენ, რომ გაუმჯობესებული რეალიზაცია სავარაუდოდ, მათ შორის, მაღაზიების ნაწილში შემცირებულ ფასებს უკავშირდება.

„პირველი კვარტალი კარგი გამოდგა, ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. ჩვენ 5%-ზე მეტ ზრდას არ ვვარაუდობდით, როდესაც 2025 წელს ვგეგმავდით, თუმცა შარშან ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვების 15%-იანი ზრდა ფიქსირდება. ბათუმში განსაკუთრებით კარგი შედეგებია, სადაც რეალიზაციის 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, როგორც წესი, ახალ სავაჭრო ცენტრებში ორნიშნა ზრდა ნორმალური მაჩვენებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ბრენდების ნაწილზე შარშან აგვისტოში ფასები შევამცირეთ, ამასაც აქვს თავისი ეფექტი, ამიტომ საინტერესო იქნება, როდესაც აგვისტოს მივუახლოვდებით, როგორი შედეგები იქნება. თუმცა გარკვეულ ბრენდებზეც, სადაც არ დაგვიწევია ფასები, იქაც კარგი ზრდა გვაქვს. ამიტომ ეს მხოლოდ ფასების ფაქტორი არაა და ზოგადად კარგი დინამიკაა რითეილში 2025 წელს“, - განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები