2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 79.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 31.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 47.8 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 38.7 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 105%-ით, ანუ 41 მილიონი ლარით გაიზარდა.
ამასთან, ჯარიმების მოცულობა, რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობა აკრეფს კიდევ გაიზრდება, რადგანაც 2026 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მარტში შესული ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის და კიდევ მთელი რიგი სხვა დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები იზრდება.
2026 წლის პირველი მაისიდან შემდეგი ჯარიმები ამოქმედდება:
- მანევრირების წესების დარღვევა: 100 ლარი — გაიზარდა 100%-ით
- სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ): 100 ლარი — გაიზარდა 100%-ით
- ღვედის გამოუყენებლობა: 50 ლარი — გაიზარდა 25%-ით
- მობილურით სარგებლობა მართვისას: 50 ლარი — გაიზარდა 67%-ით
- დგომა-გაჩერების წესების დარღვევა (რეგიონებში): 50 ლარი — გაიზარდა 400%-ით
- დრიფტი (მსუბუქი ზიანით): 500 ლარი — გაიზარდა 100%-ით
- საცობის/საავარიო ვითარების შექმნა (განმეორებით): 300 ლარი — გაიზარდა 100%-ით
- სატვირთოების ტრანზიტი თბილისში: 500 ლარი — გაიზარდა 400%-ით
- ტროტუარზე/გადასასვლელზე დგომა (დიდ ქალაქებში): 100 ლარი — გაიზარდა 900%-ით
- ტროტუარზე მოძრაობა: 200 ლარი — გაიზარდა 1900%-ით




























