კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველ კვარტალში მათთან შესული მოქალაქეების განაცხადები 40%-ით გაიზარდა.
სააგენტოს თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ჯამში 318 განაცხადი დაფიქსირდა. შემოსული განცხადებების რაოდენობა 40%-ით აღემატება 2024 წლის პირველ კვარტალში არსებულ რიცხვს. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 19 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 40 საქმეზე. სააგენტოს დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 13 მოვაჭრეს 25 საქმეზე 13 573 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
"მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე - 44 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა", - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2025 წელს მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 72% ონლაინ ვაჭრობას ეხებოდა, ხოლო 28% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. სამი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 112, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 83, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 63, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 24, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 21. სტატისტიკის მიხედვით, მიმართვების 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი ეხებოდა, შემდეგ მოდის ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ით, ხოლო სხვა სახის საქმიანობის წილი 13%-ია.