Heineken-ის პირველი კვარტალის შემოსავლები და გაყიდვების მოცულობა პროგნოზებს აღემატებოდა, თუმცა ნიდერლანდურმა ლუდსახარშმა განაცხადა, რომ ენერგიის ხარჯებმა და ინფლაციამ, რაც ირანის ომმა გამოიწვია, შესაძლოა, მათ ლუდზე მოთხოვნას დაარტყას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ცხოვრების გაძვირებული ხარჯების, ალკოჰოლის მიღების ჩვევების შეცვლისა და აშშ-ის ტარიფების გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ლუდსახარში კომპანია ისედაც რთულ წელს ელოდა.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გააძვირა საწვავი, რომელიც პროდუქციის წარმოებისა და მინის ბოთლების დასამზადებლადაა საჭირო. ეს ფართო მოხმარების საქონლის გაძვირების რისკებს აჩენს, რამაც შესაძლოა, მომხმარებლის მიერ ლუდზე დახარჯული თანხები კიდევ უფრო შეამციროს.
კომპანიის მოხსენებით, პირველ კვარტალში ორგანული წმინდა შემოსავალი 2.8%-ით გაიზარდა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს (2.3%-იან ზრდას) აღემატება. გაყიდვების ჯამური მოცულობა (რომელზეც ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უცვლელი დარჩებოდა) ორგანულად 1.2%-ით გაიზარდა.
"გლობალური ვაჭრობა უფრო რთული და ცვალებადი გახდა, რაც გარკვეულ ბაზრებზე ენერგიის ხელმისაწვდომობასა და ხარჯებზე აისახება. ეს იწვევს ინფლაციურ წნეხს, რამაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, მომხმარებელთა განწყობაზე იმოქმედოს", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვან დენ ბრინკმა, ომის პირდაპირ ხსენების გარეშე.
კომპანიამ გაიმეორა თავისი სრული წლის პროგნოზი, რომელიც ორგანული საოპერაციო მოგების 2%-დან 6%-მდე ზრდას ითვალისწინებს.
მისი თქმით, ეს პროგნოზი "ეყრდნობა დაშვებას, რომ გლობალურ ვაჭრობაში შეფერხება დროებითი იქნება და არა ხანგრძლივი".
პირველ კვარტალში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დაფიქსირებულმა ძლიერმა მაჩვენებლებმა დააბალანსა ლუდის გაყიდვების ვარდნა როგორც ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზე, მათ შორის აშშ-ში და ლუდის ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორებიცაა ბრაზილია და მექსიკა.
ცნობისთვის, ეს ანგარიში ბოლოა, რომელსაც ვან დენ ბრინკი წარადგენს - ის თანამდებობას 31 მაისს ტოვებს. Heineken-მა იანვარში განაცხადა, რომ მისი მემკვიდრის შესარჩევად ძიება დაიწყო.




























