2024 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების სახით სულ რაღაც 6 მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამის შესახებ BM.GE-ს საქსტატიდან აცნობეს. რუსული ინვესტიციების მიმდინარე წლის პირველი მეოთხედის მაჩვენებელი წინა წელს ინვესტირებულ თანხაზე 22 მილიონი დოლარით, ანუ 76%-ით ნაკლებია.
2024 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $201 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.
BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიებისა და სექტორების შესახებ, სადაც რუსული ინვესტიციები ჩაიდო. მათ შორის 5.3 მილიონი დოლარით უძრავი ქონების ოპერაციები ლიდერობს, მეორე ადგილზეა მშენებლობა 4.7 მილიონი დოლარით, მესამეზეა საფინანსო სექტორი $3 მილიონით, ხოლო მეოთხეზე ვაჭრობა $1 მილიონის ინვესტიციებით. ამასთან, რამდენიმე სექტორში მათ შორის IT-ში ინვესტიციების გასვლა ფიქსირდება $4.9 მილიონის ოდენობით, ასევე ტურიზმის სექტორში რუსული ინვესტიციები უარყოფითი იყო და მინუს $4 მილიონს შეადგენდა. შედეგად, რუსული FDI-ის ბალანსი $6.4 მილიონ დოლარს შეადგენდა.
BMG-იმ საქსტატიდან უმსხვილესი რუსული ინვესტორი კომპანიების შესახებაც მიიღო ინფორმაცია, თუმცა საქსტატის განმარტებით ვერ გასცემენ ინფორმაციას უშუალოდ კონკრეტულმა კომპანიებმა რა მოცულობების ინვესტიციები განახორციელეს ამიტომაც პირველ ათეულში შემადგენელი კომპანიები რიგითობის გარეშე არიან დალაგებული.
2024 წლის პირველ კვარტალში კომპანიები, სადაც ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია ჩაიდო ასე ნაწილდება (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):
- სს პონტუს
- შპს ფემილი გარდენ
- შპს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში
- შპს კადევე საქართველო
- შპს ახალი ფერმა
- შპს ლეგერო
- შპს ასგარდ ჯორჯია
- შპს დბ ჰოლდინგ
- შპს შატო გრემი
- შპს როიალ 2019
უმსხვილეს ინვესტორთა შორისაა სამშენებლო და დეველოპერული კომპანია სს “პონტუსი”, რომელიც გონიოში Pontus-ის ახალ ხუთვარსკვლავიან აპარტოტელს და კურორტს აშენებს. კომპანიის საწესდებო დოკუმენტაციის თანახმად, “პონტუსის” კაპიტალის მოცულობა 94 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის აქციონერია რუსეთში, მოსკოვის ოლქში დაფუძნებული კომპანია “კედრი”.