მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საერთაშორისო ტურიზმი 20%-ით გაიზარდა - UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭო სხდომას მართავს

ტურიზმი

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორი პოსტპანდემიურ პერიოდში სრულად აღდგა. UNWTO-ს მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში მოგზაურებმა 285 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი განახორციელეს, რაც 20%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამასთან, მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ტურისტული დანახარჯები 2023 წელს 1.5 ტრილიონ დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა.

აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორს ინოვაციები და პირდაპირი ინვესტიციები სჭირდება იმისთვის, რომ სექტორმა პოზიტიური ტრანსფორმაცია შეინარჩუნოს.

“ტურიზმმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კრიზისს გაუძლო, ახლა დროა, იგივე ენერგია უფრო გამძლე სექტორის მშენებლობისკენ მივმართოთ, რათა სამომავლო შოკების მიმართ მდგრადობა გავზარდოთ. ამავე დროს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტურიზმის ზრდა სასარგებლო იქნება ყველგან, ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში, ეს საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებით უნდა შევძლოთ”, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 121-ე სესიაზე, მსოფლიოს 47 ქვეყნის წარმომადგენლები ტურისტული სექტორის მომავალზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ - დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა სექტორის კრიტიკულ როლს გლობალური ეკონომიკის განვითარებაში და მის პოლიტიკურ დღის წესრიგში მოხვედრის მნიშვნელობას.

ბარსელონაში მიმდინარე სხდომას საქართველოც ესწრებოდა - დელეგაციის ხელმძღვანელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამარ ყორიაულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები