მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში სახელმწიფომ ₾44.5 მილიონის 133 ქონება გაყიდა - როგორ შესრულდა საპრივატიზებო გეგმა?

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

I კვარტალში სახელმწიფომ 44 517 925 ლარის ღირებულების ქონება გაყიდა. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის პირველი კვარტალის პრივატიზაციის გეგმა 101.41%-ით შეასრულა. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 43 900 000 ლარს შეადგენდა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 202 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდული ქონების ოდენობამ ჯამში 133 ობიექტი შეადგინა.

"გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. პირველი კვარტალის მონაცემებით, გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 3 766 866 ლარი შეადგინა, ხოლო გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა 6 509-ს უტოლდება.

ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიურად შესთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები