2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან სხვადასხვა მიმართულებით 5 900 სამგზავრო რეისი შესრულდა, რაც წლიურად 22.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლების მიხედვით, I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 მილიონ 417 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 35.2%-ით აღემატება. აქედან აეროპორტებმა 697.5 ათასი მგზავრი (36.5%-ით მეტი) მიიღო, ხოლო აეროპორტებიდან 719.8 ათასი მგზავრი (34%-ით მეტი) გაემგზავრა.
აღსანიშნია, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
საჰაერო ტრანსპორტის ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით, I კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ტრანსპორტით მხოლოდ 112.9 ათასი მგზავრია გადაყვანილი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 280.0 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და მგზავრთბრუნვის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 2.7-ჯერ აღემატება.