2025 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 660.1 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ანგარიშის დეფიციტს ეს მოცულობა მშპ-ის 8.5%-ს შეადგენდა.
შედარებისთვის, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უფრო მცირე იყო და 351 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ამ პერიოდის მშპ-ის 5% იყო.
მიმდინარე ანგარიშის სტატისტიკა ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული უცხოური ვალუტის ნაკადების მოცულობებს ასახავს. კერძოდ, დადებით როლს თამაშობს ექსპორტი, ტურიზმი და FDI, ხოლო უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყარო არის იმპორტი და ვალის მომსახურება.
2025 წლის მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 15.1%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი (4.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.5%-ით, ხოლო იმპორტი 10%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 8.5% შეადგინა.
ზრდას განაგრძობს მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც 2025 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის პირველ კვარტალში 826.0 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2.3%-ით მეტია. მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 პირველ კვარტალში 266.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.4% შეადგინა. ასევე მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის პირველ კვარტალში 386.3 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 5% შეადგინა.
2025 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -537.5 მლნ აშშ დოლარი (-1.5 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 63.3%-ით შემცირდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 13.2%-ით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 5.3%-ით შემცირდა და 2025 წლის პირველ კვარტალში 876.0 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 5.3%-ით შემცირდა 815.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 74.2 მლნ აშშ დოლარი (208.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.0 პროცენტია", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























