მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოში $201 მილიონის FDI შემოვიდა, კლება - 64%-ია

დოლარი ფული

საქართველოში 2024 წლის I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ინვესტიციების კლება დამმუშავებელ მრეწველობაში არსებულ შემცირებას უკავშირდება, რადგან თუკი გასული წლის I კვარტალში ინვესტიცია 226 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს ის მხოლოდ 25 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნული კლება მაღალი ალბათობით სინგაპურული კორპორაცია Indorama-ს მიერ რუსთავის "აზოტის" ყიდვას უკავშირდებოდა, რის გამოც 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტიციების ნაკადი დაფიქსირდა, 2024 წლის პირველ კვარტალში კი მსგავსი მასშტაბის გარიგება არ დადებულა.

გასულ წელს არსებული 91 მილიონი დოლარიდან 40 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ვაჭრობაში, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში კლებაა 42 მილიონი დოლარიდან 19 მილიონ დოლარამდე, ტურიზმში კლებაა გასულ წელს არსებული 30 მილიონი დოლარიდან 9 მილიონ დოლარამდე. სანაცვლოდ კი გაზრდილია ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და მან 2024 წლის პირველ კვარტალში 79 მილიონი დოლარი შეადგინა (მატება 15 მილიონი დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საქართველოში ყველაზე მეტი 42.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო თურქეთიდან, თუმცა წინა წელთან შედარებით თურქეთიდან მაინც ინვესტიციების კლება შეიმჩნევა, რადგან 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 71 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა. მეორე ადგილს იკავებს ჩეხეთი 41 მილიონიანი ინვესტიციებით, სადაც წლიურად 49 მილიონიანი ზრდაა.

საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტად 265 მილიონი დოლარიდან 32 მილიონ დოლარამდე შემცირდა ინვესტიციები ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდები გასულ წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო იმიტომ, რომ სწორედ ამ ქვეყანაში არსებული შვილობილი კომპანიის მეშვეობით შეიძინა სინგაპურულმა კორპორაცია Indorama-მ რუსთავის "აზოტი".

საქსტატის ანგარიშის თანახმად, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის 92 მილიონი იყო არსებული კომპანიების რეინვესტიციები, 76 მილიონი დოლარი კომპანიებში სააქციო კაპიტალის შენატანები, ხოლო 33 მილიონი დოლარი სავალო ვალდებულებების ჩამორიცხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები