მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, კლებაა ტურიზმშიც - საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირები

სომხეთი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელსაც „ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწრება. როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზებიდან ირკევევა, დავითაშვილთან ერთად ფორუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძეც ესწრებიან, რომელმაც სომხეთის ბიზნესსექტორს საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის მხარდამჭერი პროგრამები და მექანიზმები გააცნო.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ერევანში ვიზიტის დროს სომეხ კოლეგას - ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანსაც შეხვდა და მასთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. „სომხეთის ხელისუფლებასთან და ბიზნესსექტორთან მჭიდრო დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო ხელსაყრელი და წარმატებული იყოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას და ქვეყნებს შორის არსებული 2024 წლის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს გაუსვა ხაზი.

აქედან გამომდინარე, BM.GE გთავაზობთ საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმისა, ფულადი გზავნილების 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებლებსა და ტენდენციებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. კლების ტენდენციით ხასიათდება ტურიზმიც. გასულ წელს კი სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით მცირედ გაიზარდა და 167 მილიონ 657 ათასი დოლარი შეადგინა.

3 თვის ჭრილში 2023 წლის შემდეგ ბრუნვის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირებულია. შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სომხეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 3%-იანი წილით მეათე ადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყანასთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. ეს კი ბოლო წლებში საქართველოდან სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული.

თუმცა იანვარ-მარტში სომხეთში საქონლის ექსპორტი 10.2%-ით 113 მილიონ 789 ათასი დოლარამდე შემცირდა. ექსპორტის მიხედვით პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში კი სომხეთმა 8.1%-იანი წილით მეხუთე ადგილი დაიკავა. კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებაა, რაც ფაქტობრივად 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით განახევრებულია. TOP-5 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი, რომელიც ამ პერიოდში სომხეთში გავიდა, ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $12.1 მლნ, 530 ცალი;
  2. ეთილის სპირტი - $9.3 მლნ, 1 468 522 ლიტრი;
  3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $6.1 მლნ, 7 049 ტონა;
  4. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები - $4.7 მლნ, 47 ცალი;
  5. ახალი ან გამხმარი ციტრუსები - $2.8 მლნ, 4 985 ტონა;

სომხეთში ამ პერიოდში ასევე ნაქსოვი ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები, სინთეზური ბოჭკოს ნართი, თაბაშირის ნაწარმი, ლიმონათები, მედიკამენტები, სატვირთო ავტომობილები, ფრინველის ხორცი და სხვა საქონელი გავიტანეთ.

ექსპორტის კლების საპირისპიროდ, იანვარ-მარტში სომხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტი 39.7%-ით 53 მილიონ 867 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტის ზრდით არის განპირობებული. წელს სპილენძის მადნებისა და კონცეტრატების იმპორტი საქართველოში 3.8-ჯერ გაიზარდა. იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $15.7 მლნ, 9 027 ტონა;
  2. სიგარები და სიგარილები - $9.3 მლნ, 572 ტონა;
  3. ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები - $6.6 მლნ, 752 ტონა;
  4. მინის ბოცები და ბოთლები - $5.8 მლნ, 12 883 ტონა;
  5. ელექტროენერგია - $4.3 მლნ, 65 მილიონ 595 ათას კვტ.სთ.

ამ საქონლის გარდა სომხეთიდან პირველ კვარტალში მოჭრილი ყვავილები და კოკრები, საქონლის ტრანსპორტირებისთვის ნაწარმი, ახალი ან გამხმარი ყურძენი, მცენარის ნაყოფები და სხვა საქონელი შემოვიდა.

ტურიზმი

საქართველოს ტურიზმში მეზობელი სომხეთი ის ქვეყანაა, საიდანაც პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. შესრულებული ვიზიტების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ სომხეთი 180 805 ვიზიტით მესამე ადგილს იკავებს. წლის ამ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა.

ამასთან, ტურიზმის ჯამურ შემოსავლებში, რამაც იანვარ-მარტში 826 მილიონი დოლარი შეადგინა, სომხეთიდან შემოსავლების მოცულობა მცირე იყო და ამ პერიოდში 10%-ით 28.2 მლნ დოლარამდე შემცირდა.

ფულადი გზავნილები

სომხეთიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებელი მცირეა. მაგალითისთვის 2024 წელს საქართველოში შემოსული 3.3 მლრდ დოლარის მოცულობის ფულად გზავნილებში სომხეთზე მხოლოდ 12.9 მლნ დოლარი მოდიოდა და ეს რიცხვიც წლიურად შემცირებული იყო. 2023 წელს სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 17.7 მლნ დოლარი იყო.

2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სომხეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის იგივეა და 2.7 მლნ დოლარს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს საქართველოდან სომხეთში გადარიცხული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი 10.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. [2023 წელს 9.3 მლნ დოლარი იყო].

2025 წლის I კვარტალში კი ეს რიცხვი 2.2 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც თითქმის 2024 წლის ამავე პერიოდის გზავნილების იდენტურია.

ინვესტიციები

სომხეთიდან საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა დიდი არ არის. მეზობელი ქვეყნიდან პირველი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2003 წელს შემოვიდა და 249.8 ათასი დოლარი იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 22.5 მლნ დოლარი კი გასულ 2024 წელს დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები