დღეს, თბილისში ბიზნესფორუმი „უზბეკეთი-საქართველო“ იმართება. უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სააგენტო ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს პრაქტიკული პლატფორმის შექმნას ორი ქვეყნის პროფილური სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი და ღია დიალოგისთვის. შეხვედრის მთავარი ვექტორი ორმხრივი თანამშრომლობის დაჩქარებას, საინვესტიციო სფეროში აზრთა გაზიარებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას მიემართება.
BM.GE ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები ზოგიერთ პარამეტრს გთავაზობთ, რომელიც არც ისე მოცულობითია. თუმცა ბოლო წლებში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. მცირეა საქართველოში უზბეკეთიდან FDI და ფულადი გზავნილებიც, თუმცა მზარდია უზბეკი ტურისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების მაჩვენებლები.
ამასთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უზბეკეთის ბაზარზე გასვლით საქართველოდან უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება. ამ მიმართულებით, ქართული კომპანიები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 2020 წლიდან „თიბისი ბანკი“ უზბეკეთის ბაზარზე შევიდა და განვითარება დაიწყო.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების ჩადება 2009 წლიდან იწყება და რიცხვები არც ისე დიდია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენს ქვეყანაში უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებით და სტუმარმასპინძლობით ინტერესდებიან.
ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში მხოლოდ 220 ათასი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, 2026 წლის პირველ კვარტალში კი უზბეკური FDI-ს მოცულობამ 276 ათასი დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვა
ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა ძირითადად საქართველოდან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული.
გასული წლის ზრდის შემდეგ, 2026 წლის იანვარ-მაისში უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვა $90.1 მილიონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამ პერიოდში 99.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
2025 წლის მონაცემებით, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 27.7%-ით 309 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობაში დიდი წილი ექსპორტს უკავია, რაც გასულ წელს 220 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს რიცხვი 49.8%-ით არის გაზრდილი. როგორც აღვნიშნეთ, ბოლო 2 წელიწადში უზბეკეთში ექსპორტის ზრდა ავტომობილების გააქტიურებული რეექსპორტით არის განპირობებული. გასულ წელს ავტომობილები საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა და რეკორდულად იყო გაზრდილი.
TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $77.5 მლნ, 2 658 ცალი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $64.3 მლნ, 633 ტონა;
- ლიმონათები - $13.2 მლნ, 10 მლნ ლიტრამდე;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტი - $13 მლნ, 67 ტონა;
- მინერალური წყლები - $12.1 მლნ, 13 მლნ ლიტრი;
- საფრენი აპარატები - $7 მლნ, 54 ტონა;
- შოკოლადები და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები - $7 მლნ, 820 ტონა;
- მედიცინაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $3.9 მლნ, 11 ტონა;
- ორთოპედიული სამარჯვები - $2.2 მლნ, 1 ტონა;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, სატკეპნი მანქანები - $1.9 მლნ, 21 ცალი;
5 თვის მონაცემებით, ექსპორტი უზბეკეთში შეცვლილა და წელს 64.2 მლნ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში უზბეკეთში ავტომობილების ექსპორტი ღირებულებაში 18 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო უმსხვილესი საქონლის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი $6 მილიონით 18.9 მლნ დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წელს საქართველოში უზბეკეთიდან საქონლის იმპორტი შემცირდა და 89 მილიონი დოლარი შეადგინა. კლება 6.2%-ია.
შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ 5 თვეშიც გაგრძელდა და ჯამში ამ პერიოდში უზბეკეთიდან 25 მილიონ 900 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ.
წლიურ ჭრილში იმპორტის კლება ძირითადად სპილენძის მავთულის და ნავთობპროდუქტების გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- სპილენძის მავთული - $20.1 მლნ, 2 001 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $16 მლნ, 26 723 ტონა;
- პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - $9.6 მლნ, 10 887 ტონა;
- თხილი და სხვა კაკალი - $5.2 მლნ, 1 277 ტონა;
- ახალი ან გამხმარი ყურძენი - $3.8 მლნ, 2 742 ტონა;
- ეთილენის პოლიმერები - $3.7 მლნ, 3 850 ტონა;
- სითხის საწეველები და ტუმბოები - $2.8 მლნ, 47 ტონა;
- ელექტრული ტრანსფორმატორები - $2.3 მლნ, 270 ტონა;
- ხახვი, პრასი, ნიორი - $1.6 მლნ, 6 791 ტონა;
- გამხმარი ნაყოფები - $1.5 მლნ, 1 022 ტონა;
ფულადი გზავნილები
უზბეკეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა არც ისე დიდია. გასულ წელს საქართველოში უზბეკეთიდან 12 მილიონ 716 ათასი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის $11.8-მილიონიან მაჩვენებელს აღემატება.
2026 წლის პირველ 5 თვეში კი 4.9 მლნ დოლარის გზავნილებია გადმორიცხული, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში 4.5 მლნ დოლარი იყო.
რაც შეეხება გადარიცხვებს, ეს რიცხვი უფრო მოცულობითია. 2025 წელს საქართველოდან უზბეკეთში 20 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადაირიცხა, რაც წლიურად 5 მლნ დოლარით გაზრდილი რიცხვია. 2026 წლის იანვარ-მაისში კი ფულადმა გადარიცხვებმა 8.9 მლნ დოლარი შეადგინა. გასული წლის 5 თვეში ფულადი გზავნილების მოცულობა $7 მლნ იყო.
ტურიზმი
უზბეკეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები არც ისე დიდია, თუმცა წლების განმავლობაში მზარდია. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ უზბეკეთი იყო ერთ-ერთი იმ მიმართულებებს შორის საიდანაც პანდემიის შემდეგ სწრაფი აღდგენა ფიქსირდებოდა. 2025 წელს საქართველოში ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან 72 913 ვიზიტი შესრულდა, რაც 13.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში უზბეკეთიდან 8 444 ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 16.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.




























