მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში თამბაქოს არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა - NilsenIQ-ის კვლევა

62a89923e8a3a
ელენე გოგბერაშვილი
14.06.22 22:30
1989
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია NilsenIQ-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღწია.

საერთაშორისო კვლევითმა სააგენტომ ცარიელი კოლოფების კვლევის მეთოდოლოგიით იხელმძღვანელა და ძირითადი მიგნებები უკვე წარუდგინა ასოციაციის წევრ კომპანიებს, ბიზნესომბუდსმენს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს.

კვირა არ გავა შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული თამბაქოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის მცდელობის ამსახველი კადრები არ გაავრცელოს. ბოლოს უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის მცდელობას ივნისის დასაწყისში ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა ნახევარი მლნ ლარის ღირებულების სიგარეტი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ კვარტალში მსგავსი 575 ფაქტია გამოვლენილი. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში, მებაჟეებმა 34 588 კოლოფი და 90 კილოგრამი უაქციზო თამბაქო ამოიღეს.




საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია NilsenIQ ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სიგარეტის არალეგალური ვაჭრობა თითქმის გაორმაგდა და 7,5%-ს მიაღია. bm.ge-ს მიერ მოპოვებული კვლევის ძირითადი შედეგებიდან ჩანს, რომ თამბაქოს არალეგალური ბაზარი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა და პიკს მიმდინარე წლის I კვარტალში მიაღწია, რა დროსაც NilsenIQ-მ დათვალა, რომ ქვეყანაში არალეგალური გზით 42 ათასამდე ღერი და 2100 კოლოფი თამბაქოს შემოდინება მოხდა.





JTI-ის კორპორაციული დირექტორი კავკასიაში ამბობს, რომ თამბაქოს კონტრაბანდული გზით შემოდინებას, პირველ რიგში, თამბაქოზე არსებული მაღალი აქციზი ახალისებს, რადგან მაგალითად, სომხეთში კონკრეტული ბრენდის პროდუქტი 2-ჯერ უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. ივა ხასია, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე გამოსავალს აღრიცხვიანობისა და სანქცირების კუთხით კანონის გამკაცრებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში საგადასახადო პოლიტიკის გადახედვაში ხედავს.

„ერთი მხრივ, როცა ჯანდაცვის ექსპერტები გამოდიან და ამბობენ, რომ რეგულაციებმა, აქციზის მატებამ შედეგი გამოიღო და მოხმარება შემცირდა (ასახელებენ 4-5%-ს), ეს კვლევა კი აჩვენებს, რომ კონტრაბანდა პირველი კვარტლის შედეგებით არის 8%-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს კონტრაბანდული პროდუქტი, რაც შემოდის, საერთოდ არ აღირიცხება, გადასახადები არ შედის ბიუჯეტში და უხეშად რომ ვთქვათ, 80-100 მილიონამდე აქციზის შემოსავალი უბრალოდ იკარგება ბიუჯეტისთვის. ჩვენც ვზარალობთ კანონიერი იმპორტიორები, რადგან ჩვენი პროდუქტი კონკურენციას კონტრაბანდულ პროდუქტს ვერ უწევს და 2-3-ჯერ უფრო იაფად იყიდება. მოხმარებაც, შეგვიძლია დავასკვნათ არსებული რიცხვებიდან გამომდინარე, რომ არის როგორც მინიმუმ უცვლელ დონეზე, თუ არა მომატებული,“ - აცხადებს ხასია.

არალეგალური თამბაქოთი ვაჭრობის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში. ნილსენის კვლევის თანახმად, კონტრაბანდული თამბაქოს 70%-ზე მეტი სამეგრელოზე მოდის, სადაც უაქციზო საქონელი აფხაზეთიდან ხვდება და მისი გაკონტროლება ე.წ.საზღვარზე შეუძლებელია.





„ჩემი ინფორმაციით, დიდია არალეგალური ვაჭრობის ხვედრითი წილი, განსაკუთრებით რეგიონებში. NilsenIQ-ის კვლევას რომ ჩავუღრმავდეთ დავინახავთ, რომ 70%-ია მაგალითად სამეგრელოში, 50%-ზე მეტია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ორი შემოდინება, რაც არის აფხაზეთის გავლით და სომხეთიდან გააქტიურებულია. შესაბამისად, ეს არ გაჩერდება მანამ, სანამ აქციზის ოდენობაში არის რადიკალური განსხვავება,“ - აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.

გარდა იმისა, რომ არალეგალური ბაზარი არაკონკურენტულ გარემოში აყენებს ლეგალურ ინდუსტრიას, მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიც.

თამბაქოს ლეგალური ბიზნესი ბიუჯეტის სოლიდური კონტრიბუტორია. მხოლოდ გასულ წელს ინდუსტრიამ ბიუჯეტში გადასახადების სახით მილიარდ 44 მილიონი ლარი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები