„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში 153 462 ტეუ დამუშავდა, 2025 წელს - 146 468, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 126 512 ტეუ. ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ წლის დასაწყისიდან დღემდე 94 საკონტეინერო გემი მიიღო, 2025 წელს - 81, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74.
კომპანიის მიერ 2026 წელს 63 758 ტონა ტვირთი დამუშავდა, 2025-ში 82 369 ტონა, ხოლო 2024-ში ეს რაოდენობა 37 281 ტონა იყო. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ტვირთბრუნვა განსაკუთრებით გაიზარდა
"I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 5%-მდე ზრდა გვაქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თუ სრულ წლებს შევადარებთ, 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 17%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა. ამასთან, ჩვენს მიერ დამყარებული რეკორდი, რომელიც წლის ჭრილში კონტეინერების მაქსიმალურ რაოდენობას ეხებოდა, 2026 წლის პირველ კვარტალში კვლავ განახლდა. 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, უკვე ახალ სარეკორდო მაჩვენებელზე გავედით. ამგვარად, რეკორდების გაუმჯობესება გრძელდება. თუმცა პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ტვირთების გადმომისამართება სამხრეთ დერეფნიდან, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილი ნაკადების მიღება გარდაუვალია.
ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ორი ფაქტორია, ერთი ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რომელმაც ტვირთების გადანაწილება გამოიწვია და კონტეინერიზაციის ზრდა, ანუ გაიზარდა ცნობადობა, რომ ტვირთების გადაზიდვა კონტეინერებით უფრო ეფექტურია. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია მომავალშიც დადებით გავლენას შეინარჩუნებს. მისი სრული ეფექტი, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
მოსალოდნელია, რომ ცენტრალური აზიისკენ მიმავალი ტვირთების ნაწილი სწორედ საქართველოს დერეფანში გადმოინაცვლებს“, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.
APM Terminals-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, არსებული ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევის წინაშეა. მთავარი საჭიროება ოპერაციული ეფექტიანობის ზრდა და გემების დატვირთვა/დაცლის პროცესების გაუმჯობესებაა.
„უკვე აშკარაა, რომ არსებული სიმძლავრეები ზღვარზე მუშაობს. კონტეინერების ზრდის პარალელურად მცირდება ნაყარი და გენერალური ტვირთების დამუშავების შესაძლებლობა, რადგან საერთო გამტარუნარიანობა შეზღუდულია.
განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ახალი ნავსადგურის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ნებართვის მიღებიდან ორ წელიწადში, უკვე დაახლოებით ოთხი წელია დაყოვნებულია.
პროცესი რთულია და ხშირად მოითხოვს ადამიანური რესურსის გადატვირთვას, მათ შორის სამუშაო რეჟიმის ცვლილებას, შესვენებების შემცირებას, რაც პერსონალზე მძიმე გავლენას ახდენს. ნავსადგური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. შესვენების პერიოდში კი კომპანია უზრუნველყოფს მომუშავე თანამშრომლების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით, რათა ცვლაში მომუშავე პირებს ჰქონდეთ კუთვნილი შესვენების დრო.
ვფიქრობთ, რომ სტრატეგიულად, პრიორიტეტი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განვითარება, განსაკუთრებით პორტების. ცნობილია, რომ გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 80% საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება, ამიტომ პორტების განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
დერეფნის როლი ეტაპობრივად იცვლებოდა: თავიდან ალტერნატივის ალტერნატივა იყო, შემდეგ სტაბილური ალტერნატივა და ახლა პოტენციურად ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი. ამ ეტაპზე მთავარი კითხვა არის როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. მუდმივად მხოლოდ ალტერნატივად დარჩენა არ უზრუნველყოფს სტაბილურ ზრდას. საჭიროა ძლიერი, მოქნილი და სრულფასოვანი დერეფნის სტატუსის მოპოვება.
ამისთვის საჭიროა 24-საათიანი კოორდინაცია მონაწილე ქვეყნებს შორის, რადგან ცალკეული მოქმედებები ეფექტურ შედეგს ვერ გამოიღებს.
მნიშვნელოვანია ასევე ლოგისტიკური ციკლის ეფექტიანობა. მაგალითად, დატვირთული ვაგონები დროულად უნდა ბრუნდებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოძრავი შემადგენლობა შეზღუდულია. ამ საკითხს უნდა მიენიჭოს სახელმწიფო მნიშვნელობა“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ზვიად ჩხარტიშვილმა.




























