მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იამაიკაში სტიქიით გამოწვეული ზარალი მშპ-ს 30%-ს აღწევს - ქარიშხალი “მელისას” მსხვერპლი 75-მდე გაიზარდა

მელისა

იამაიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქარიშხალი “მელისა”, რომელიც კუნძულს თავს გასულ კვირას დაატყდა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი სტიქია იყო, რომელმაც, სახლებისა და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანებით, გასული წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 28-32%-ის ეკვივალენტი ზარალი გამოიწვია.

პრემიერ-მინისტრ ენდრიუ ჰოლნესმა აღნიშნა, რომ ზარალი $6-7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა ეს გამოთვლებიც “მოკრძალებულია” და მოსალოდნელია, რომ იამაიკის ეკონომიკა, მოკლე ვადაში, 8-13%-ით შემცირდება.

მისივე თქმით, გაიზრდება იამაიკის საგარეო ვალის შეფარდება მშპ-სთანაც და მთავრობა კი ქვეყნის ფისკალური წესების დროებითი შეჩერების საკითხს საგანგებო ვითარებაში გადახედავს.

ჰოლნესმა, რომლის მთავრობამაც შტორმისთვის საკრედიტო და სადაზღვევო წინასწარი ზომები შეიმუშავა, განაცხადა, რომ ფინანსურ მხარდაჭერას რეგიონალური მოკავშირეებისგან, განვითარების სააგენტოებისა და კერძო სექტორისგან ითხოვს.

“ქარიშხალი “მელის” მხოლოდ ტრაგედია არა, გაფრთხილებაც იყო. ექსპერტები ამბობენ, რომ “მელისამ” ატლანტის ოკეანის შტორმის მაქსიმალური სიძლიერის ზღვარს მიაღწია. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ სეისმოგრაფებმა ასობით მილის დაშორებითაც დააფიქსირეს”, - განაცხადა ენდრიუ ჰოლსენმა.

მეცნიერების განმარტებით, სათბურის აირების ემისია ოკეანეების ზედაპირის დათბობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სეზონური შტორმებისთვის აუცილებელ გარემო პირობებს ქმნის. ამის გამო, კარიბის რეგიონის ლიდერები უკვე დიდი ხანია, ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელი, მდიდარი ქვეყნების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მათგან დახმარებას ან შეღავათიან სესხს ითხოვენ.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ინფრასტრუქტურას აღადგენს იმ ფორმით, რომელიც კლიმატის ცვლილების მზარდ გავლენას გაუძლებს. მათ შორის, იგეგმება ელექტროგადამცემი ქსელის ნაწილის მიწისქვეშ გადატანაც. ჰოლნესის თქმით, მოიხსნა იმპორტის გადასახადები პირველადი საჭიროების პროდუქტებსა და ისეთ ტექნიკაზე, როგორიც Starlink-ის აპარატურა და მზის პანელებია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში დადასტურდა, რომ ქარიშხალ “მელისას” მსხვერპლის რაოდენობა, სულ მცირე, 75-ია. იამაიკაში გარდაცვლილთა რაოდენობა 32-ს აღწევს, ჰაიტიში კი - 43-ს. 13 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. ორივე ქვეყანაში ამ რიცხვის ზრდას ელიან. იამაიკაში 30-ზე მეტი დასახლება გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ამერიკელი ექსპერტების დასკვნით, ზარალის მოცულობა $52 მილიარდამდეა. მონაცემთა ანალიტიკური ფირმა Verisk-ის დათვლით კი, მხოლოდ იამაიკაში, დაზღვეული ქონების დანაკარგები $4 მილიარდს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები