23 წლის იტალიელი ჩოგბურთელი იანიკ სინერი 2024 წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ფინალში მეხუთე ნომერი ტეილორ ფრიცი ანგარიშით 6:4 6:4 დაამარცხა, რითაც აღნიშნულ ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა.
უკანასკნელი 38 წლის მანძილზე სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც შემაჯამებელი პირველობა სეტის წაუგებლად მოიგო. უკანასკნელად ასეთი შედეგი 1986 წელს ივან ლენდლიმ დააფიქსირა.
იანიკმა ჩემპიონატის წაგების გარეშე დასრულების გამო 4,9 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ტურნირის რეკორდია. შედარებისთვის, ამერიკის ღია პირველობაზე ფინალში გამარჯვებისთვის იტალიელმა 3,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2024 წელი სინერისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, რადგან 8 ტიტული მოიგო, საიდანაც ორი დიდი სლემისაა (აშშ-ს და ავსტრალიის ღია პირველობა) და მხოლოდ ჩემპიონატებიდან 17 მილიონი დოლარი მიიღო.
ასეთი თანხით სინერი ერთ სეზონში გამომუშავებული თანხის რაოდენობით ისტორიულ მეორე პოზიციაზე დაწინაურდა. რეკორდი კი 2015 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩის სეზონს ეკუთვნის, რომელმაც 11 ტიტული მოიგო და 21,1 მილიონი დოლარი მიიღო.
ცნობისთვის, დამარცხებული ტეილორ ფრიცის შემოსავალმა შემაჯამებელი ტურნირიდან 2,25 მილიონი დოლარი შეადგინა, რითაც წლიურად გამომუშავებული თანხის ოდენობა 7 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ სინერმა 2024 წელს 70 მატჩი მოიგო და მხოლოდ ექვსჯერ დამარცხდა. კარიერულად გამომუშავებული 33 მილიონი დოლარით კი 23 წლის ასაკში უკვე ყველა დროის 10 ყველაზე შემოსავლიან ჩოგბურთელს შორის იკავებს ადგილს.