მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში ამაზონში 12 000 კვ.კმ. ფართობის ტყე დაიწვა

ტყის ხანძრები

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, რასაც გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მთავრობის მიერ სახანძრო სისტემებში დაზოგილ ფინანსებს ადანაშაულებენ - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, რეგიონში მწვავე გვალვამ, რომელიც “ელ ნინიოს” კლიმატური ფენომენითაა გამოწვეული, ტყეში ხანძრებისთვის ხელსაყრელი, მშრალი გარემო შექმნა, რამაც შედეგიც გამოიღო. ბრაზილიის კოსმოსური კვლევითი სააგენტო Inpe-ს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილის შუალედში ამაზონში 12 000 კვ.კმ. ფართობის ტყე დაიწვა, რაც მონაცემთა ორათასწლოვან ბაზაში, რეკორდული მაჩვენებელია - შედარებისთვის, დამწვარი არეალის ფართობი თითქმის იმხელაა, რაც აშშ-ის შტატი კონექტიკუტი ან კატარის სახელმწიფო.

Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, როგორც წესი, ადამიანთა ჩართულობაა, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ. გარემოსდაცვითი სააგენტო Ibama კი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ტყის ხანძრების გავრცელების მიზეზი სახანძრო სისტემებისთვის შემცირებული ბიუჯეტია. მათი ინფორმაციით, ხანძართან საბრძოლველად სააგენტოს 24%-ით ნაკლები თანხა გამოუყვეს, ვიდრე 2023 წელს.

ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამაზონის ფონდიდან, რომელიც, ძირითადად, უცხო სახელმწიფოების შემოწირულებებით ივსება, ხანძართან საბრძოლველად, 2023 წლიდან დღემდე, თითქმის 80 მილიონი დოლარი გამოიყო. მისივე ინფორმაციით, მთავრობამ რორაიმას რეგიონში, გვალვით გამოწვეულ ცეცხლთან საბრძოლველად 380 მეხანძრე გაგზავნა, თუმცა, თავის განცხადებაში მინისტრს Ibama-სთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხზე არ უსაუბრია.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ სააგენტო ბიუჯეტის გაზრდისთვის მოლაპარაკებებს მთავრობასთან იანვრის შემდეგ აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები